ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის: პოლ გობლის ანალიზი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში დღეს, 9 თებერვალს ჩადის, რის შემდეგაც ის 10-11 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა.


ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი, პირველ რიგში, ფართო რეგიონულ სურათზე საუბრობს.


„აზერბაიჯანიც და სომხეთიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აშშ-სთვის, არამხოლოდ იმიტომ, რომ ორივე დაშორდა მოსკოვს და მხარს უჭერენ TRIPP-ს, არამედ, იმიტომ, რომ ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაზეც აისახება,“ -  განმარტავს გობლი. 


გობლის შეფასებით, ვენსი ბაქოსა და ერევანში ჩადის „იმისათვის, რომ დაარწმუნოს ისინი აშშ-ის მხარდაჭაში. ის ხაზის უსვამს, რომ ვიზიტის განხორციელების დრო უფრო მეტად, ირანის პრობლემებით აიხსნება.


„თუმცა ვანსმა იცის, რომ ამ ვიზიტით შეუძლია, პოლიტიკური სარგებელიც მიიღოს, განსაკუთრებით, სომხეთის თემის თვალსაზრისით, რადგან სომხები ბევრ მნიშვნელოვან ოლქში ცხოვრობენ ამერიკაში,“ - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.


ვიზიტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხია, თუ რამდენად მზად არის ვაშინგტონი რეაგირებისთვის, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა დაიწყება. კონფლიქტის შემდგომ გარემოში დარღვევების შესახებ ურთიერთბრალდებები იშვიათი არ არის და არც სამხრეთ კავკასიაა ამ მხრივ გამონაკლისი.


„ვაშინგტონი ნამდვილად აცნობიერებს, რომ სამხრეთ კავკასიაში თითოეული მხარე, სავარაუდოდ, მეორეს დაადანაშაულებს ტრამპის მიერ 2025 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების დარღვევაში. მას სურს უზრუნველყოს, რომ ასეთი ბრალდებები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს,“ - განმარტავს გობლი.


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ვენსის ვიზიტი და აღნიშნა, რომ ის მოიცავს „ღონისძიებებს, რომლებიც გააღრმავებს ვაშინგტონთან ურთიერთობებს და გახსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს.“


სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგი, ვენსს თან ახლავს სომხეთსა და აზერბაიჯანში 9-11 თებერვლის ვიზიტების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის“ (TRIPP) ინიციატივის წინსვლას.“