ბოლო წლებში ევრაზიის სატრანსპორტო და სატრანზიტო სტრატეგია ღრმად ტრანსფორმირდა. ამ ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ელემენტი TRIPP პროექტია (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის), ახალი სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი სამხრეთ სომხეთში, რომელიც რეგიონის ათწლეულების კონფლიქტის გადალახვას და დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ლოგისტიკური მარშრუტების რეფორმირებას ისახავს მიზნად.
თავდაპირველად, ჩინეთის „ერთი სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ცენტრალური როლი ჰქონდა ევრაზიული ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ჩინური ინვესტიციები და მსხვილ სატრანსპორტო კვანძებში ჩართულობა, გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე პეკინის გავლენის გაძლიერებას გულისხმობდა. თუმცა TRIPP-ის წამოწევასთან ერთად, გეოპოლიტიკურ განტოლებაში ახალი ძალები შემოვიდნენ. შეერთებული შტატები არამხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეწყობას, არამედ, სატრანზიტო პროექტის, კერძოდ, მეღრის გავლით არსებული გზის ზედამხედველობას ცდილობდა.
ვიდრე TRIPP-ი გამოჩნდებოდა, ჩინეთი ძირითად ყურადღებას შუა და ჩრდილოეთის დერეფნების გაძლიერებაზე ამახვილებდა. განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ჩრდილოეთის მარშრუტი სულ უფრო პრობლემური გახდა, რამაც შუა დერეფანი, რომელიც ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს გადის, ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სატრანზიტო კავშირად აქცია.
TRIPP ხშირად წარმოდგენილია, როგორც უფრო მოკლე და პოტენციურად უფრო ხელსაყრელი გზა ცენტრალური აზიიდან შავ ზღვასა და ევროპაში - სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც გვერდს უვლის არამხოლოდ რუსეთსა და ირანს, არამედ, ჩინეთთან დაკავშირებულ მარშრუტებსაც.
ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ მომავალში ჩინეთის დერეფნებით ამჟამად გადაადგილებული ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, ამ ახალ გზაზე გადამისამართდეს, რაც ხსენებულ მარშრუტებს ნაკლებად მიმზიდველს გახდის.
თუმცა ასეთ პროგნოზებს არ აქვს მყარი ეკონომიკური დასაბუთება. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც ვრცელდება და ხშირად რეგიონულ ლოგისტიკურ ასპარეზზე ჩინეთის ჩავარდნის მტკიცებულებად არის წარმოდგენილი.
TRIPP-ის დაანონსებასთან ერთად, რეგიონულმა სახელმწიფოებმა მოიპოვეს თანამშრომლობის ახალი ვექტორი შეერთებულ შტატებთან, სადაც ვაშინგტონი არამხოლოდ შუამავლის, არამედ, პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურის ოპერატორის როლსაც ასრულებს. ეს განვითარება პოტენციურად ასუსტებს პეკინის ტრადიციულ მიდგომას, რომელიც ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით გავლენის კონსოლიდაციას ისახავს მიზნად.
RBC-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა წინსვლას განაგრძობს, სამხრეთ კავკასიაში უკვე ყალიბდება დერეფანი, რომელსაც შეუძლია, ჩინურ მარშრუტებს სიჩქარის, ტარიფებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, კონკურენცია გაუწიოს.
ამავდროულად, ექსპერტები არ თვლიან, რომ TRIPP სრულად გამოდევნის ჩინეთს ევრაზიის სატრანსპორტო სტრატეგიიდან. პირიქით, ჩინეთი კარგავს მონოპოლიას და არა - წარმომადგენლობას/ყოფნას.
![]()
TRIPP-ი გეოპოლიტიკური კონკურენციის სიმბოლოდ იქცა, რომელშიც ზოგიერთი ინტერპრეტაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი დაამარცხა. ზოგიერთმა კომენტატორმა ივარაუდა, რომ ვაშინგტონის დეკლარაციამ შანხაის დეკლარაციაზე გაიმარჯვა.
შანხაის დეკლარაციაში აზერბაიჯანმა და ჩინეთმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის" ფარგლებში თანამშრომლობა მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.
ერთი შეთანხმების მეორეზე „გამარჯვების“ მტკიცება საკამათოა. აზერბაიჯანი კვლავ ჩინეთის საიმედო პარტნიორად რჩება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განუყოფელი კომპონენტია შუა დერეფანი და რომელიც აქტიურ ფუნქციონირებს და განვითარებას განაგრძობს.
რაც შეეხება TRIPP-ს, ის ასევე აზერბაიჯანის მიერ დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერილი ე.წ. ზანგეზურის დერეფნის კონცეფციას ეფუძნება. აზერბაიჯანისთვის TRIPP საერთაშორისო ტრანზიტზე ნაკლებად არის ორიენტირებული და უფრო ნახიჩევანთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს — კავშირს, რომლის მიღწევაც მას გადაწყვეტილი აქვს.
საერთაშორისო ტრანზიტის თვალსაზრისით, პროექტი შესაძლოა, უფრო მეტად საინტერესო იყოს სომხეთისთვის, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა „ერთი სარტყლის“ ქსელებში ინტეგრაციისთვის - გეოგრაფიული იზოლაციის, გადაუჭრელი კონფლიქტისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო.
ლოგისტიკის მიმართულების სპეციალისტები ამბობენ, რომ TRIPP ვერ გაუწევს კონკურენციას შუა დერეფანს და შესაძლოა, ის მის განშტოებადაც კი იქცეს. პროექტის ერთ-ერთი პრობლემა მისი ფართო პოლიტიზებაა, რაც ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო ბევრ რამეს აშშ-ის ჩართულობა განსაზღვრავს.
აშშ-ის ინტერესი TRIPP-ში, უკავშირდება დასავლეთის ბაზრებზე ცენტრალური აზიის რესურსების მიწოდებას ამერიკული ზედამხედველობის ქვეშ. პროექტმა შეიძლება, შეამციროს ჩინეთის გეოპოლიტიკური ბერკეტები, განსაკუთრებით, ურანის, ოქროს და იშვიათ მიწათა ლითონების ტრანზიტის თვალსაზრისით, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით.
ჩინეთს პროექტში ადრე ჩართვა ტექნიკურად შეეძლო, მაგრამ კონფლიქტის შემდგომ რეგიონში, სადაც სამმხრივი შეთანხმებები ჯერ არ სრულდება, მისი აქტივობა შეზღუდული იყო. სწორედ აშშ-მ შესთავაზა ერევანს შეთანხმება, რომელზეც სომხეთისთვის უარის თქმა რთულია, ხოლო აზერბაიჯანს აძლევს ნახიჩევანთან კავშირის უზრუნველყოფის საშუალებას.
ახლა ერთ-ერთი კითხვაა, დაუშვებს თუ არა აშშ ჩინური ტვირთების ტრანზიტს TRIPP-ის მეშვეობით. ეს სომხური და რუსულ კომპანიების კომერციული ინტერესია, რაც პროექტის ლოგისტიკურ და პოლიტიკურ ბალანსს ართულებს.