უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენის გავლით, რუსული ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, „უკრაინა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არღვევს.“
„უკრაინა ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით, ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით უნგრეთს შანტაჟს უწყობს, რათა არჩევნებამდე საწვავის ფასები გაიზარდოს.
ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება,“ - წერს სიიარტო X-ზე.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით ორშაბათამდე არ განაახლებს, მაშინ ის „შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს დაავალებს, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს შეაჩერონ.“
სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით, „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო, ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს. უკრაინის სახელმწიფო ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის, „უკრენერგოს“ მონაცემებით, სლოვაკეთზე უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტის დაახლოებით 17% მოდის.
ცნობისთვის, შარშან დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდ ევრომდე გამოუყოფენ. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. პირველი სახსრების გამოსაყოფა ჯერ კიდევ საჭიროებს ევროკავშირის საბჭოს საბოლოო დამტკიცებას, რომელიც ეროვნული მინისტრებისგან შედგება. ახლა კენჭისყრა გადაიდო.
დაგეგმილი თანხები განკუთვნილია უკრაინის ყველაზე გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად 2027 წლის ბოლომდე. საერთო თანხიდან 60 მილიარდი ევრო თავდაცვისთვის არის განკუთვნილი.
18 თებერვალს უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეწყვიტეს დიზელის საწვავის მიწოდება უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენი “დრუჟბა” მწყობრიდან გამოვიდა.
ბუდაპეშტი და ბრატისლავა, რომლებიც დიდწილად დამოკიდებულნი არიან მილსადენით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე, კიევს ადანაშაულებენ იმაში, რომ პოლიტიკურ მიზეზთა გამო შეგნებულად აჭიანურებს სარემონტო სამუშაოს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ უნგრეთს შეახსენა, რომ რუსული ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ რუსეთის აგრესიამ და დრუჟბას ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე მისმა დარტყმებმა გამოიწვია.
თავის მხრივ, ხორვატიის ეკონომიკის მინისტრმა ანტე შუშნიარმა განაცხადა, რომ ხორვატია მზადაა, დაეხმაროს უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის ტრანზიტში, მაგრამ არა რუსული ნავთობის, რადგან ის აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ადრიას მილსადენი მზადაა და შესაბამისად, აღარ არსებობს ტექნიკური გამართლება იმისა, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა რუსულ ნავთობზე დამოკიდებული დარჩეს.
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ნავთობის იმპორტზე (მათ შორის მილსადენების საშუალებით) შეზღუდვები დააწესა, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, გამონაკლისი დაუშვა. 2026 წლის 16 თებერვალს ბუდაპეშტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ასევე დროებით გამონაკლისი დაუშვან ზღვაზე გასასვლელის მქონე ხორვატიისთვისაც, რათა ნავთობსადენ „ადრიას“ (Adria) საშუალებით, ბუდაპეშტმა შეძლოს რუსული ნავთობის მიღება.
„უკრინფორმმა“ 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია წერილის შესახებ, რომელიც ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობამ გაუგზავნა ევროკომისიას. წერილში ნათქვამია, რომ მილსადენ „დრუჟბას“ მიმდინარე რემონტთან დაკავშირებით უკრაინის მხარე გამოდის წინადადებით, განიხილონ ევროპის ქვეყნებში ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მათ შორის, საზღვაო გზით „ოდესა-ბროდის“ მილსადენის მეშვეობით.
„ნავთობსადენის შეკეთების ვადებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმყოფებით უწყვეტ კონტაქტში უკრაინასთან, ვცდილობთ, გავარკვიოთ, რამდენად სწრაფად შეძლებს „დრუჟბა“ მუშაობის განახლებას,“ - განმარტა ევროკომისიის პრესსპიკერმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო მზად არის, მოიწვიოს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი შესაბამის მხარეებთან ერთად, საწვავის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების განსახილველად. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის საკმარისი მარაგები აქვთ და მათი მომარაგების უსაფრთხოებას მოკლევადიან პერსპექტივაში პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით, ნავთობის მიწოდება იანვრის ბოლოდან შეფერხდა რუსული დაბომბვის გამო. კიევი ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის შესყიდვები ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებას.