- რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში - წყარო BBC
როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში 200 000-მდე ჯარისკაცის შეყვანის ბრძანება გასცა, მისი მიზანი იყო, რამდენიმე დღეში აეღო დედაქალაქი კიევი, მისი პროდასავლური მთავრობა დაემხო და უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში დაებრუნებინა. პუტინმა ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.
ოთხი წლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის ხელშია. პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იყო. რუსეთმა არაერთხელ წარმოაჩინა თანამედროვე უკრაინა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რაც ისტორიის უხეში დამახინჯებაა.
პუტინმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული, უკრაინაში შეჭრამდე რვა წლით ადრე დაიპყრო - რევოლუციის შემდეგ, რომლის შედეგადაც, უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი პროდასავლური მთავრობით ჩანაცვლდა.
რუსეთის ლიდერი დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის არსებობის უფლებას და აცხადებს, რომ „თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა“ 1917 წლის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ. 2021 წლის გრძელ ესეში მან თქვა, რომ მე-9 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.“ 2024 წელს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა „ხელოვნური სახელმწიფო“ იყო. ამ კომენტარებმა ბევრი დაარწმუნა, რომ რუსეთის შეჭრის მიზანი ფაქტობრივად უკრაინის სახელმწიფოს განადგურება იყო.
ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ პუტინმა თავდაპირველად სცადა მისი შეცვლა პრორუსული პარტიის მდიდარი ლიდერით, ვიქტორ მედვედჩუკით, რომელიც უკრაინაში ღალატში დაადანაშაულეს და ამჟამად რუსეთში იმყოფება.
იყო თუ არა NATO-ს გაფართოება ომის მიზეზი?
პუტინი წლების განმავლობაში უჩიოდა NATO-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას, როგორც უსაფრთხოების საფრთხეს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ნებისმიერ შესაძლებლობას მთავარ წითელ ხაზად მიიჩნევდა. 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე მან მოითხოვა, რომ ალიანსს გაეყვანა მრავალეროვნული ძალები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც დასავლეთის ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ.
მაგრამ სწორედ რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, შემდეგ კი, 2014 წელს - ყირიმში. ყირიმში შეჭრის შემდეგ, NATO-მ უწყვეტი ყოფნა უზრუნველყო თავის აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთთან ყველაზე ახლოს. NATO ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ალიანსის მთავარი მიზანი ტერიტორიების დაცვაა „აგრესიული განზრახვების გარეშე.“ შვედეთი და ფინეთი NATO-ში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ რუსული საფრთხის აღქმის გამო გაწევრიანდნენ. უკრაინის კონსტიტუციის ნაწილია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ამის რეალური პერსპექტივა არ არსებობდა.
ვინ იგებს ომს?
სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეტევებისა და კონტრშეტევების შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის ძალები 1000 კმ-ზე (629 მილი) მეტი მოცულობის აქტიურ ფრონტზე, „გამოფიტვის ომში“ არიან. არცერთ მხარეს არ აქვს ამ ომში გამარჯვების რეალური პერსპექტივა, თუმცა რუსეთი ზაფხულის შეტევის დროს, ტერიტორიულ მიღწევებს ცდილობს.
რუსეთმა 2022 წელს ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია მოახდინა, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე, ლუგანსკზე, სრული კონტროლის პრეტენზია აქვს.
უკრაინულმა ძალებმა 2022 წელს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაწილის დიდი ტერიტორიების გათავისუფლება შეძლეს, მაგრამ ბოლოდროინდელმა კონტრშეტევებმა იგივე წარმატება ვერ მოიტანა. ისინი 2024 წლის აგვისტოში შეტევის დაწყების შემდეგაც აქტიურად რჩებიან რუსეთის კურსკის რეგიონის ძალიან მცირე ნაწილში, მაგრამ იქ არსებულ ყველა ძირითად დასახლებაზე კონტროლი დაკარგეს. უკრაინულმა ჯარებმა პოზიციები აღმოსავლეთშიც დაკარგეს.
როგორ შეიძლება ომის დასრულება?
ყველაზე სავარაუდო გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია, თუმცა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მცირე პროგრესი დაფიქსირდა. რუსეთს პირდაპირი მოლაპარაკებები „კონფლიქტის ძირითადი მიზეზების“ მოსაგვარებლად სურს - ფრაზა, რომელიც პუტინის „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებს მოგვაგონებს ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, ომის დაწყებისას. პუტინის მოთხოვნები უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცევა, სამხედრო ძალების მკვეთრად შემცირება და NATO-სკენ მისწრაფებების უარყოფას მოიცავს.
რუსეთი ასევე ითხოვს, რომ უკრაინაში მისი ტერიტორიული მიღწევების საერთაშორისო აღიარება აისახოს ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში, მათ შორის, ყირიმისა და აღმოსავლეთის ოთხი რეგიონის ანექსიაში. ის ასევე ითხოვს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნას. კიევი არასდროს აღიარებს თავის სუვერენულ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად, მაშინაც, თუკი შესაძლებელია, რომ აღიაროს ტერიტორიების დროებით დაკარგვა. კიევი ასევე ისწრაფვის დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებისკენ, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთი აღარასდროს შეიჭრება მის ტერიტორიაზე.
რა ისტორიული კავშირებია უკრაინასა და რუსეთს შორის?
როგორც ჩანს, პუტინი თვლის, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დარჩეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების გამო. 1922 წლიდან 1991 წლამდე უკრაინა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და ბევრი უკრაინელი რუსულად საუბრობს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთში, მათ შორის არის ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ბევრი რუსი ყირიმს საკუთრებად მიიჩნევს. ის ეკატერინე დიდმა 1783 წელს მიიერთა და საბჭოთა ლიდერმა ხრუშჩოვმა უკრაინას 1954 წელს გადასცა. ათი წლით ადრე, მისმა წინამორბედმა სტალინმა ყირიმის თათარი მოსახლეობის დეპორტაცია მოახდინა, ამიტომ, მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური რუსები იყვნენ.
1991 წლიდან უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მან ბირთვულ იარაღზე 1994 წელს თქვა უარი რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ გარანტირებული უსაფრთხოების სანაცვლოდ. ომის შემდეგ, ბევრმა უკრაინელმა რუსულად საუბარზე უარი თქვა და თავად ზელენსკიც ამ ენის საჯაროდ გამოყენებას თავს არიდებს.