ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და დაახლოებით 80 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ნავთობით მოვაჭრე კომპანიებმა განაცხადეს.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფასები შესაძლოა 100 დოლარამდეც კი გაიზარდოს მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი დაიწყო.
გადაზიდვების მონაცემების თანახმად, ენერგომომარაგების შეფერხების ნიშნად, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, სულ მცირე, 150 ტანკერმა, მათ შორის ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავმა გემებმა, ღუზა ჩაუშვეს ჰორმუზის სრუტის მიღმა, სპარსეთის ყურის ღია წყლებში, ხოლო ათობით სხვა ტანკერი საზღვრის გადაკვეთის ზოლის მეორე მხარეს იმყოფებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედება თავისთავად ხელს უწყობს ნავთობის ფასებს, აქ მთავარი ფაქტორი ჰორმუზის სრუტის დახურვაა,“ - განაცხადა „დამოუკიდებელი სასაქონლო დაზვერვის სამსახურების“ (ICIS) ენერგეტიკისა და გადამუშავების დირექტორმა აჯაი პარმარმა.
სავაჭრო წყაროების ცნობით, ტანკერების მფლობელების, ნავთობის მსხვილი კომპანიებისა და სავაჭრო კომპანიების უმეტესობამ შეაჩერა ნედლი ნავთობის, საწვავისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვები ჰორმუზის სრუტის გავლით, მას შემდეგ, რაც თეირანმა სრუტე ოფიციალურად გადაკეტა და გემები გააფრთხილა ამ საზღვაო გზით გადაადგილების შესახებ. გლობალური ნავთობის 20%-ზე მეტი გადაადგილდება ჰორმუზის ვიწყო სრუტის გავლით, რომელზე კონტროლიც ირანს აქვს. გემები მისი გავლისას ირანის და ომანის ტერიტორიულ წყლებში შედიან, თუმცა ისინი „სატრანზიტო გავლის“ უფლებით სარგებლობენ.