ისრაელმა ირანზე „შეტევის ახალი ტალღა“ დაიწყო, აშშ ყველაზე მძიმე დარტყმებს აანონსებს

ისრაელის სამხედრო ძალებმა თეირანსა და ბეირუთზე ახალი დარტყმები განახორციელეს, რასაც ისინი „სამხედრო სამიზნეებს“ უწოდებენ.

ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.


ასევე, ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ სამაუწყებლო კომპლექსი დაბომბეს, როდესაც ახალი დარტყმები განახორციელეს „ირანის ტერორისტული რეჟიმის კუთვნილი სამიზნეების“ წინააღმდეგ.


მათი თქმით, საკომუნიკაციო ცენტრი გამოიყენებოდა „სამოქალაქო საქმიანობის საფარქვეშ სამხედრო საქმიანობის წინსვლისთვის“ და „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის.“


ისრაელი ასევე აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარები „ლიბანში დამატებით სტრატეგიულ ტერიტორიებს დაიკავებენ, რათა ისრაელის სასაზღვრო თემებზე ცეცხლის გახსნა თავიდან აიცილონ.“


ისრაელმა ლიბანს დაარტყა „ჰეზბოლას“ დარტყმების საპასუხოდ, ხოლო თეირანმა განაგრძო სარაკეტო და დრონებით თავდასხმები სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.


ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერდა, რამაც ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყება.


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება.


„ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში.


მისი თქმით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შექმნის პირობებს „ირანელი ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბედის კონტროლი, შექმნან საკუთარი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და გათავისუფლდნენ ამ ტერორისტული მანქანის უღლისგან“.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აუცილებელია ქმედებები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.


ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა.


„ახლავე უნდა გვემოქმედა, რადგან მას შემდეგ, რაც დავაზიანეთ მათი ბირთვული ობიექტები და მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათ დაიწყეს ახალი ობიექტების, მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში მათ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ატომური ბომბის პროგრამას იმუნურს გახდიდა,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.


ისრაელის პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახლავე არ იმოქმედებდნენ, მომავალში არანაირი ქმედება აღარ იქნებოდა შესაძლებელი.


უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება თეირანის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

მედია აღნიშნავს, რომ ასევე, გუშინ ღამით აშშ-ისრაელის დარტყმების დროს IRIB-ის შტაბ-ბინა დაბომბეს.


28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ.


ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე.

რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.


არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო.


ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.