აშშ და ისრაელი „უსასრულო ომს“ გამორიცხავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზნების მიღწევა „შესაძლებელია სახმელეთო ძალების გარეშე.“


რუბიოს თქმით, „ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის.“


„ამჟამად ჩვენ არ ვართ მზად სახმელეთო ძალებისთვის, მაგრამ ცხადია, პრეზიდენტს ეს ვარიანტები აქვს,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა: „ის არასდროს არაფერს გამორიცხავს.“


მისივე თქმით, ამჟამად, აშშ-ის ყურადღება ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების, ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების, ასევე, მათი ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და საზღვაო ფლოტის განადგურებაზეა ორიენტირებული.


„მე არ ვაპირებ ჩვენი ტაქტიკური ძალისხმევის დეტალების გამხელას, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის. შემდეგი ფაზა ირანისთვის კიდევ უფრო სადამსჯელო იქნება, ვიდრე ახლაა,“ - განაცხადა რუბიომ.


დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს იარაღის საკმარისი მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის.


„ჩვენ ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს. შეერთებული შტატები მომარაგებულია და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.


თავის მხრივ, ჯეი დი ვენსის თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს: „არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა.“


ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, „როგორც რეჟიმი აცხადებს“, არამედ, ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება.


„ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა.