უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის.


ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.


„ბოლო რამდენიმე დღეში ირანმა 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინას ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, წვლილის შეტანა შეუძლია.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, დავავალე, რომ წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნების დახმარების ვარიანტები და უზრუნველყონ დახმარება ისე, რომ ჩვენი თავდაცვა არ დასუსტდეს,“ - წერს ზელენსკი X-ზე.


მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ადგილზე იმუშავებენ და შესაბამისი ჯგუფები ამ ძალისხმევის კოორდინაციას უკვე ახდენენ.


„ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.


მანვე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები პრაქტიკულად შეჩერებულია.


„უკრაინა კონსულტაციებს მართავს ევროპასა და შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან, ასევე ირანის მეზობელ ქვეყნებთან. გუშინ ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის ლიდერებს. დღეს კი, მოლაპარაკებები მქონდა იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან და დიდი შვიდეულის ჯგუფთან კოორდინაციის მნიშვნელობას, „ირანის რეჟიმის ტერორისტული შესაძლებლობების აღმოსაფხვრელად და გლობალური სტაბილურობის დასაცავად.“