ირანი თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით შეტევას უარყოფს

ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ასევე უარყო ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმა.


„ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ამ ინფორმაციის წყარო და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ირანის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას არ ითვალისწინებს.


„ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ, სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ მიზანში ამოვიღებთ,“ - განაცხადა  ქაზემ ღარიბაბადიმ.


ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო აზერბაიჯანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები.