აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება. აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას არ შევეგუებით,“ აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, „ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო.“
აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ,“ - აღნიშნა ალიევმა.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. როგორც ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების ინტერესი არ აქვს.
„ჩვენ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების არც ინტერესი გვაქვს და არც ჩვენი პოლიტიკა იძლევა ამის საშუალებას,“ - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ინანებენ.
„ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოცდა სცადა, რკინის მუშტით განადგურდნენ; დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს,“ - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი იცავს და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას.
„ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაცია დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს,“ - განაცხადა ალიევმა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური მონიტორინგის სისტემებმა დაადასტურეს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი თავდასხმის მიზნით, აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონისკენ იყო მიმართული.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და ირანის შესაბამისი უწყებები დასჯიან პასუხისმგებელ პირებს," - ნათქვამია განცხადებაში.