ჩინეთი, რომელსაც ირანთან მეგობრული ურთიერთობები აქვს და დიდად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის მარაგებზე, უკმაყოფილოა ისლამური რესპუბლიკის მიერ სრუტეში გადაზიდვების პარალიზების ინიციატივით და ზეწოლას ახდენს თეირანზე, რათა გემებისთვის უსაფრთხო მოძრაობა უზრუნველყოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
წყაროების ცნობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა ნავთობის დაახლოებით 45%-ს სრუტიდან იღებს.
ნედლი ნავთობის ფასები კონფლიქტის დაწყებიდან 15%-ზე მეტით გაიზარდა წარმოების შეჩერების ფონზე, რადგან თეირანი თავს ესხმის ყურეში ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე, სრუტეში გამვლელ გემებს.
Vortexa-ს მონაცემებით, სრუტეში ნედლი ნავთობის ტანკერების ტრანზიტი პირველ მარტს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს, ოთხ გემამდე შემცირდა.
Kpler-ის მონაცემებით, სრუტეში დაახლოებით 300 ნავთობტანკერი რჩება. ამჟამად სრუტეში რამდენიმე გემი მოძრაობს, რომელთაგან ყველა ჩინური ან ირანულია.
დუბაიში დაფუძნებული Al Khaleej Sugar-ის მმართველმა დირექტორმა ჯამალ ალ-გურაირმა Reuters-ს განუცხადა, რომ შაქრის გადამტან ზოგიერთ გემს ამჟამად სრუტეში გავლის უფლება აქვს, ზოგს კი - არა.