სპარსეთის ყურეში კიდევ სამ სატვირთო გემს დაესხნენ თავს

ერაყის ტერიტორიულ წყლებში ორ ტანკერს თავს დაესხნენ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ერაყის საინფორმაციო სააგენტო სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკიპაჟის 38 წევრი გადარჩა, ერთი ადამიანი კი, გარდაიცვალა.


„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.


საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად.


„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში


ერაყის პორტების გენერალური კომპანიის (GCPI) გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ნავთობტერმინალებში ოპერაციები შეჩერებულია, მაგრამ კომერციული პორტები კვლავ ფუნქციონირებს.


ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან კიდევ ერთი კონტეინერმზიდი გემი დაზიანდა.


ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ცნობით, კონტეინერმზიდ გემს ჯებელ ალის კომერციულ პორტთა ახლოს ჭურვი მოხვდა.


დარტყმის შედეგად, გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.


სპარსეთის ყურეში გემებზე თავდასხმების ფონზე, დღეს მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპარსეთის ყურეში თავდასხმა ექვს კონტეინერმზიდ გემზე განხორციელდა.