დუბაიში ირანული დრონი ცათამბჯენს შეეჯახა.
დუბაის მედია ოფისის ცნობით, გასულ ღამეს დრონი კრიკ ჰარბორის რაიონის ტერიტორიაზე ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა.
მათივე განცხადებით, დრონის შეჯახების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ლოკალიზება მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აშშ-ისრაელისა და ირანის ომის ფონზე, ბოლო დღეებში დუბაიში და მთლიანად სპარსეთის ყურეში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა, მათ შორის, ორი დრონი ჩამოვარდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
ამასთანავე, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში 18 დრონი გაანადგურეს.
უწყებამ განაცხადა, რომ დრონები ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიგერიეს დრონი, რომელიც შაიბას ნავთობსაბადოსკენ მიემართებოდა.