საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში. მაკრონი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს, რომ პარიზი დახმარებისთვის მზად იყო.
ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა მაკრონს და მას „10-დან 8“ ქულა მისცა მოკავშირეების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით და რომ მაკრონი შეუერთდებოდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ძალისხმევას.
„ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე და შესაბამისად, საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციებში ამჟამინდელ კონტექსტში,“ - განაცხადა მაკრონმა.
„მეორე მხრივ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც კი ვითარება დაწყნარდება – და მე შეგნებულად ვიყენებ ამ ტერმინს ფართოდ – როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, როგორც კი ძირითადი დაბომბვები შეწყდება, ჩვენ მზად ვართ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ავიღოთ პასუხისმგებლობა ესკორტის სისტემაზე. მაგრამ ეს არის პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი და ცხადია, საზღვაო ტრანსპორტის ყველა აქტორთან, დამზღვევებთან და ოპერატიულ სამუშაოსთან არის დაკავშირებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ინდოეთთან, სხვა რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ან პარტნიორებთან რეგიონში,“ - აცხადებს მაკრონი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა მოუწოდა მოკავშირეებს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, სამხედრო დახმარება გასწიონ, რათა გლობალური ეკონომიკური ზეგავლენა შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, მისი მოთხოვნები უარყოფილია.