ტრამპი: თუ ირანი თავს დაესხმება კატარს, აშშ მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში, სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ, კატარიც არანაირად არ იყო ჩართული მასში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა.


„ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო გაბრაზების გამო, სასტიკად დაესხა თავს ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს. შედარებით მცირე ნაწილი დაზარალდა,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.


„სამწუხაროდ, ირანმა არ იცოდა ეს ან სამხრეთ პარსზე თავდასხმასთან დაკავშირებული არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და გაუმართლებლად და უსამართლოდ დაესხა თავს კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტის ნაწილს. ისრაელი აღარ განახორციელებს თავდასხმას ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ძვირფას სამხრეთ პარსის საბადოზე, თუ ირანი გაუაზრებლად არ გადაწყვეტს თავდასხმას ძალიან უდანაშაულო, ამ შემთხვევაში, კატარზე - ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელის დახმარებით და თანხმობით, ან მის გარეშე, მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს ისეთი ძალითა და სიმძლავრით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს.


არ მინდა ამ დონის ძალადობისა და ნგრევის ავტორიზაცია ირანის მომავალზე გრძელვადიანი შედეგების გამო, მაგრამ თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საბადოზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გავაკეთებ ამას,“ - აცხადებს ტრამპი.


კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმებს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დარტყმები საერთაშორისო სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.


უწყება ხაზს უსვამს, რომ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ „ირანის სასტიკმა აგრესიამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ და რომ აუცილებელია რეგიონში სიტუაციის დეესკალაცია „რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად.“


"საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ირანის სასტიკმა თავდასხმებმა რეგიონის ქვეყნებზე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მიზანში ამოღებით. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს კატარის სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას მოძმე ერების მიმართ და მხარდაჭერას ყველა იმ ზომის მიმართ, რომელსაც ისინი იღებენ მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად," - აღნიშნულია განცხადებაში.


მანადმე, კატარის ბუნებრივი აირის ობიექტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, თანამშრომლებთან ერთად, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის 24 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვა.