ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებისგან 30 დღით გაათავისუფლა ირანული ნავთობი. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს.
2026 წლის 19 აპრილამდე სანქციები აღარ ვრცელდება იმ ირანულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებზე 20 მარტამდე ჩაიტვირთა და უკვე ზღვაშია.
ბესენტმა ირანული ნავთობისთვის სანქციების მოკლევადიანი მოხსნის მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, გაზარდოს მსოფლიოში საწვავის მიწოდების ნაკადი და ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი იაფად ყიდულობს ირანულ ნავთობს, რომელზეც სანქციები ვრცელდება, მათი დროებით მოხსნის შედეგად კი, აშშ მსოფლიო ბაზარს სწრაფად მიაწვდის დაახლოებით 140 მილიონ ბარელ ნავთობს და ხელს შეუწყობს შემცირებას მიწოდებაზე დროებითი ზეწოლის, რომელიც ირანის ქმედებებითაა გამოწვეული.
ბესენტის თქმით, აშშ ირანულ ნავთობს თავად თეირანის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ფასები შეამციროს სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ირანული ნავთობისთვის სანქციების დროებით მოხსნის შემდეგაც თეირანს გაუჭირდება შემოსავლების მიღება, რადგან აშშ განაგრძობს მაქსიმალურ ზეწოლას, რათა ირანს არ ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, ირანი უტევს სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებს და ბლოკავს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემები და ნავთობის გაძვირება გამოიწვია.
12 მარტს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დროებით, 11 აპრილამდე მოუხსნა რუსულ ნავთობსაც. კერძოდ, შეზღუდვისგან გათავისუფლდა უკვე ტანკერებზე ჩატვირთული და ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი.
ბესენტმა ამის მიზეზად დაასახელა ირანის ქმედებებით გამოწვეული ვითარება და განაცხადა, რომ მიწოდების გლობალური მოცვის გასაზრდელად ფინანსთა სამინისტრო ქვეყნებს დროებით აძლევს უფლებას, შეიძინონ რუსული ნავთობი, რომელიც უკვე ზღვაშია.