Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებმა, რომლებიც წარმოადგენენ დიდ საექსპორტო ტერმინალებს, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვები 25 მარტს, უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმის შემდეგ შეაჩერეს. 23 მარტს, უკრაინა ფინეთის საზღვართან მდებარე პორტს დრონებით დაესხა თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად, კვამლი ფინეთიდან ჩანდა.
სააგენტო Reuters-ი, საბაზრო მონაცემების გამოთვლის საფუძველზე ასევე წერს, რომ ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის შეჩერების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების სულ მცირე 40 პროცენტი.
ეს დღე-ღამეში დაახლოებით ორი მილიონი ბარელის ეკვივალენტია.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ნავთობის მიწოდებაში უდიდესი შეფერხება. რუსეთი მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია, და შეფერხება მოსკოვს შეეხო მაშინ, როცა ირანში ომის გამო ნავთობის ფასმა გადააჭარბა ბარელზე 100 ამერიკულ დოლარს.
ნავთობის წარმოება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ, 2,6 ტრილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ეკონომიკისთვის.
Reuters-ის ცნობით, უკრაინამ მიმდინარე თვეში გააძლიერა დრონებით მიტანილი იერიშები რუსეთის ნავთობისა და საწვავის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და დარტყმები განახორციელა დასავლეთში ექსპორტისთვის სამივე მნიშვნელოვან პორტზე - ნოვოროსიისკზე შავ ზღვაში და პრიმორსკზე და უსტ-ლუგაზე ბალტიის ზღვაში.
სააგენტოს გამოთვლებით, ბოლო დარტყმის შემდეგ, 25 მარტიდან ვერ ხორციელდება რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობების 40-მდე პროცენტი - რაც დღეში 2 მილიონ ბარელს ნიშნავს.
ეს მოიცავს პრიმორსკსა და უსტ-ლუგას, ასევე მილსადენ "დრუჟბას", რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთზე გადის.
კიევის სამიზნეებს შორისაა ასევე მილსადენის ნავთობის საქაჩი სადგურები და გადამამუშავებელი საწარმოები. კიევი აცხადებს, რომ მისი მიზანია შემცირდეს მოსკოვის მიერ ნავთობიდან და გაზიდან მიღებული მოგება.
უკრაინის განცხადებით, მილსადენ "დრუჟბის" ნაწილი იანვრის ბოლოს რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა - თუმცა სლოვაკეთი და უნგრეთი კიევისგან ითხოვენ მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენას.
ამ ფონზე მოსკოვს უწევს დაეყრდნოს აზიის ბაზრებზე ექსპორტს. ის შეუფერხებლად განაგრძობს მილსადენებით მიწოდებას ჩინეთისთვის.