ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეიჭრნენ

რუსეთის მხრიდან ესტონეთის ტერიტორიაზე შესული დრონი ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა.


კერძოდ, ლატვიის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შევიდა და ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატი.

ამის შესახებ 25 მარტს, ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.


ლატვიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი კრასლავის რაიონში აფეთქდა.


მისი ნამსხვრევები ნაპოვნია და მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება.


ადგილზე იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები.


დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა შეწყვიტა უკრაინაში ვიზიტი და ლატვიაში დაბრუნება გადაწყვიტა.


25 მარტს რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეშიც და ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა.


23 მარტს უპილოტო საფრენი აპარატი ბელორუსის მხრიდან აღმოჩნდა ბალტიის კიდევ ერთი ქვეყნის, ლიეტუვის ტერიტორიაზე. დრონი ვარენის რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო რუსეთისკენ მიმავალი, მაგრამ კურსს აცდენილი უკრაინული დრონი. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო აპარატი რადარებმა ვერ დააფიქსირეს, რადგან საკმაოდ დაბლა მიფრინავდა.


23 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, ბალტიის ზღვაზე, ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტს დაარტყეს, რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს.

რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფალთა ცნობით, 25 მარტს დრონებით შეტევა იყო ფინეთის ყურესთან მდებარე უსტ-ლუგის პორტზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.