ისტორიაში პირველად NATO-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს მიაღწია. ამის შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა.
რუტემ ხაზი გაუსვა ტრამპის ადმინისტრაციის წვლილს. 2014 წელს დასახულ მიზანს მოკავშირეებმა პირველად მიაღწიეს.
„მე არ მჯერა, რომ ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის გარეშე, მთელი მთელი NATO 2025 წლის ბოლოს 2%-ს მიაღწევდა. ესპანეთის, იტალიის, ბელგიის და კანადის მსგავსი დიდი ეკონომიკის გათვალისწინებით, ისინი შორს არიან 2%-იანი ნიშნულისგან. ყველამ მიაღწია 2%-ს,“ - აღნიშნა ალიანსის გენერალმურმა მდივანმა.
ანგარიშის თანახმად 2025 წელს NATO-ს 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. ანგარიშში გასული წლის ხარჯები ალიანსის შეფასებებს ეფუძნება.
თავდაცვისთვის საერთო ხარჯებმა 2025 წელს 1.4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს.
ყველაზე დაბალი მაჩვენებლები (2%) 2025 წელს ჰქონდათ ესპანეთს, პორტუგალიას, ალბანეთს, ბელგიასა და კანადას.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ალიანსის წევრებს შორის პოლონეთს ჰქონდა, რომელმაც თავდაცვისთვის 2025 წელს მშპ-ის 4.3% გამოყო.
3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და დანიამ.
რუტემ რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ მოიხსენია და მიუთითა საჰაერო სივრცის დარღვევებზე, საბოტაჟზე, კიბერშეტევებზე, პოლიტიკურ ჩარევასა და დეზინფორმაციის კამპანიებზე.
უკრაინასთან დაკავშირებით, რუტემ ხაზი გაუსვა მოკავშირე ქვეყნების მუდმივ მხარდაჭერას.
„2025 წლის განმავლობაში არსებული საფრთხის სურათი ნათლად აჩვენებს, რომ აუცილებელია მეტის გაკეთება. მთელი წლის განმავლობაში NATO აგრძელებდა გაერთიანებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს ყველა სფეროში, როგორც ახლა, ასევე მომავალში,“ – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.