ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება

დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ.


101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.


სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. ზრდა 1-ელი აპრილიდან, საშუალოდ, 4-6 თეთრით დაფიქსირდება.

კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, კომერციული სექტორისთვის, 110-35 კვ.მდე არსებული ტარიფი - 25.267 გაიზარდა 5.055 თეთრით და გახდა 30.322.


10-6-3.3 კვ.მდე ასევე გაიზარდა და 27.880-ის მაგივრად, განისაზღვრა 34.632-ით. რაც შეეხება 380-220 კვ.მდე არსებულ ტარიფს, 28.961 თეთრის მაგივრად, 35.731 თეთრი იქნება.

სხდომაზე დადგინდა, მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სექტორისთვის იმოქმედებს 2026 წლის პირველი აპრილიდან, 2031 წლის პირველ იანვრამდე.


სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დედაქალაქის მსგავსად, 5 თეთრით იზრდება.


რეგიონებში „ეპ ჯორჯია“ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.


დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის „უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში.“