აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. დონალდ ტრამპის თქმით, ძირითადი სტრატეგიული მიზნები დასასრულს უახლოვდება.“ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები და გაცილებით გონივრულები არიან.
ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ქმედებები ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას ართმევს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტის მიმართვა, თითქმის, 20 წუთს გაგრძელდა.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მათი საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი რაკეტები თითქმის ამოწურული ან განადგურებულია. ერთად აღებული, ეს ქმედებები დააზიანებს ირანის სამხედრო ძალებს, გაანადგურებს მათ უნარს, მხარი დაუჭირონ ტერორისტულ პროქსი ძალებს და ართმევს მათ ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ტრამპმა.
აშშ „მზადაა, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო რეაგირება გააძლიეროს.“
„ვაპირებთ, მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყათ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია,“ - აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიზანი ირანის რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა, მაგრამ ეს მოხდა იმის გამო, რომ ყველა, ვინც ირანს მანამდე ხელმძღვანელობდა დარტყმების შედეგად დაიღუპა.
„ისინი ყველანი დაიღუპნენ. ახალი ჯგუფი ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო გონივრულია. თუმცა თუ ამ პერიოდში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჩვენი ყურადღება ძირითად სამიზნეებზეა მიპყრობილი. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ თითოეულ ელექტროსადგურს ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად დავარტყამთ," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლები აშშ-ის მოკავშირეები იქნებიან და მოუწოდა მათ, მოიკრიბონ გამბედაობა და უხელმძღვანელონ ოპერაციას კრიტიკულად მნიშვნელოვან სრუტეზე კონტროლის აღსადგენად.
„მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საწვავის მიღება, რომელთაგან ბევრი უარს ამბობს ირანის თავის მოკვეთაში ჩართვაზე : მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ, დაიცავით ის, გამოიყენეთ თქვენთვის. რთული ნაწილი დასრულებულია, ამიტომ ეს ადვილი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები „იწვევს შედეგებს, რომლებიც ირანის საზღვრებს სცდება.“
თეირანი „უფრო ფართომასშტაბიანი“ თავდასხმების შესახებ აფრთხილებს აშშ-ს. ირანის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმები ქვეყანაზე „უმნიშვნელო“ იყო და რომ ორივე ქვეყანას თეირანის სამხედრო შესაძლებლობებისა და აღჭურვილობის შესახებ „არასრული“ ინფორმაცია აქვს.
BBC შემაჯამებელ სტატიაში წერს, რომ ტრამპის გამოსვლა ძირითადად იმის გამეორება იყო, რაც მან რამდენიმე დღის განმავლობაში თქვა.
ასევე, დარჩა რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვა.
პირველი: ისრაელი - ეთანხმება თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ტრამპის მიერ დასახელებულ ვადებს.
მეორე: რა ეტაპზეა გასული წლის 12-დღიანი ომის შედეგად ნანგრევებში დამარხული ასობით კილოგრამი გამდიდრებული ურანის ამოღების იდეას
მესამე: რა არის პრეზიდენტის მტკიცე შეხედულება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით? ახლა ის ამბობს, რომ ის „ბუნებრივად“ გაიხსნება ომის დასრულების შემდეგ.
მეოთხე: სერიოზულად ფიქრობს თუ არა ის NATO-დან გასვლას
ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი განიხილავს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის უზრუნველყოფის გეგმებს 35 ქვეყნის კოლეგებთან ერთად. სრუტე თითქმის დაკეტილია ირანის მიერ გლობალურ მიწოდების ჯაჭვებსა და ენერგიის ფასებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის გამო. ირანმა განაცხადა, რომ მარშრუტი დაკეტილია მხოლოდ იმ ქვეყნების ტანკერებისა და გემებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მის წინააღმდეგ თავდასხმებში.