5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, მილსადენთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები.
სერბეთის პროკურატურის განცხადებით, საქმეს მიენიჭა უკანონო იარაღის და ასაფეთქებელი მასალების ტრეფიკინგის კვალიფიკაცია, სავარაუდო, საბოტაჟთან კავშირით.
„ბალკანეთის ნაკადი“ არის მილსადენი, რომელიც ბულგარეთსა და სერბეთზე გადის და აკავშირებს უნგრეთს რუსულ გაზთან, რომელიც შავი ზღვის ფსკერით თურქეთამდე მიემართება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ მიანიშნა, რომ დივერსიის მცდელობაში, შესაძლოა, უკრაინა ყოფილიყო ჩართული.
„ადრე უკრაინელებმა ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“. აფეთქებების შემდეგ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთი იყო, რაც არალოგიკურია. რატომ უნდა ააფეთქოს რუსეთმა საკუთარი გაზსადენები? ბოლო კვირების განმავლობაში ათობით დრონი მუდმივად ესხმოდა თავს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ „თურქული ნაკადის“ მილსადენს, რომელიც უნგრეთს გაზს აწვდის. ახლა სერბეთის მიერ აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმა, როგორც ჩანს, ამ თავდასხმების ნაწილია,“ – დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელში.
ორბანს უკრაინა პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ კიევი "წლებია ცდილობს, ევროპას ჩაუჭრას რუსეთის ენერგია". ორბანმა დამატა, რომ TurkStream-ის რუსეთის მონაკვეთზე თავდასხმა იყო "სასიკვდილო საფრთხე უნგრეთისთვის."
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე "სანდო მტკიცებულებები არ არსებობს", თუმცა მაინც გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამაში უკრაინა იყოს ჩარეული.
ამ ვერსიას მტკიცედ უარყოფს სერბეთის სამხედრო დაზვერვა. ამ უწყების წარმომადგენელმა დურო იოვანიჩმა განაცხადა, რომ „არ არის სიმართლე, რომ უკრაინელები ცდილობდნენ ამ საბოტაჟის მოწყობას".
ოფიციალურმა კიევმა ბრალდებები უარყო. „უკრაინა ამასთან არანაირად არ არის დაკავშირებული. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის რუსეთის „ცრუ დროშის ოპერაცია“, რომელიც უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ფართომასშტაბიანი ჩარევის ნაწილია,“ - განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ უნგრეთში მილსადენ TurkStream-ს სამხედროები დაიცავენ. სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გამართა სერბეთის, თურქეთისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრებთან და ისინი „შეთანხმდნენ, რომ მილსადენი უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ოდესმე.“
ორბანი 6 აპრილს ჩავიდა სერბეთის საზღვართან, სადაც გადის ხსენებული ინფრასტრუქტურა.
ხსენებული ინციდენტის ფონია უკვე არსებული დაძაბულობა ენერგეტიკის ირგვლივ.
ბუდაპეშტი კიევს ედავება მილსადენ "დრუჟბას" ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო, რაშიც უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ მილსადენი რუსეთის დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა. ექვს დღეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია. წინასწარი კვლევების მიხედვით, ორბანის ძალამ შესაძლოა,არჩევნები წააგოს.