აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანი შეთანხმებაზე არ წამოვა, „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით დაიღუპება.“
ტრამპის თქმით, შესაძლოა, „რევოლუციურად საოცარი რამ“ მოხდეს.
„დღეს ღამით, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ, მოხდება.
თუმცა ახლა, როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია.
გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს დიდი ირანელი ხალხი!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის ხარgის კუნძულზე სამხედრო სამიზნეებზე მიიტანეს იერიში, იტყობინება 7 აპრილს საინფორმაციო სააგენტო Axios-ი, აშშ-ის მაღალი რანგის პირზე დაყრდნობით.
ირანის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, დაიბომბა ირანის რკინიგზა ქარაჯის რეგიონში. ამავე რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა გადამცემ ხაზებზე დარტყმის შედეგად. იტყობინება NOURNEWS-ი. რკინიგზაზე თავდასხმის შესახებ იტყობინებიან ყაზვინიდანაც - ETEMADONLINE-ის ცნობას ავრცელებს Reuters-ი.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქალაქ ქაშანთან საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ქაშანი პოპულარული ტურისტული ცენტრია.
საჰაერო დარტყმის შედეგად თეირანში მნიშვნელოვნად დაზიანდა სინაგოგა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, დაბომბვა ღამით მოხდა. თავდასხმაში ისრაელის საჰაერო ძალები დაადანაშაულეს. ვიდეოში ნაჩვენებია თითქმის მთლიანად დანგრეული შენობა ვიწრო ჩიხში, ასევე გაწმენდითი სამუშაო.
ისრაელის სამხედროებმა 7 აპრილს ირანის მოსახლეობას მოუწოდეს, არ ისარგებლონ მატარებლით: ამ დროიდან ირანის დროით საღამოს 9 საათამდე, მატარებლებში და რკინიგზის ხაზებთან ახლოს ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, განაცხადა პრესსპიკერმა.
თავის მხრივ, ირანს საპასუხო იერიშები მიაქვს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების და ისრაელის ობიექტებზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების შარჯას ხელისუფლების ცნობით, თურაიას ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციულ შენობას ირანის რაკეტა მოხვდა. შარჯას ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია ორი. დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ პირობებს 7 აპრილამდე უნდა დათანხმდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მასშტაბური დაბომბვა ელის. ტრამპი მოითხოვს, ირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის განვითარებაზე და გახსნას ჰორმუზის სრუტე.
ირანის ომის ფონზე რუსეთი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ ქვეყნისთვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა რუსეთისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა და რომ მოსკოვს აქვს პოტენციალი, სწრაფად გაზარდოს ენერგიის, რესურსებისა და საკვების გლობალური ექსპორტი.
ამავდროულად, შიდა ბაზრის დაცვა რუსეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განაცხადა მიშუსტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება გლობალური ნავთობის ფასების ზრდისგამო.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ ღამით დარტყმების შესახებ განაცხადა.
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი თავდასხმები საერთაშორისო სამართალს არღვევს, დროა, ეს კონფლიქტი დასრულდეს.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.