- აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, 10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.
- შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დათანხმდნენ პაკისტანის შუამავლობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა, „ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირით შეაჩეროს“. დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
„პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, სადაც მათ მოითხოვეს, რომ ირანში გაგზავნილი დამანგრეველი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, ვთანხმდები, ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირის განმავლობაში შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!,“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღეს.
„მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი შეთანხმების საბოლოოდ დასრულების საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მოწესრიგებას.
„ბევრი დადებითი ქმედება იქნება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს შეუძლია, რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს. ჩვენ ყველანაირი მარაგით შევავსებთ და უბრალოდ, „შორიახლოს ვიქნებით“, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ისევე, როგორც ეს აშშ-ში ხდება, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა იყოს!!!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის გამდიდრებულ ურანზე „იდეალურად იზრუნებენ.“
„სხვაგვარად არ დავთანხმდებოდი,“ - აღნიშნა ტრამპმა „ფრანს-პრესსთან“ სატელეფონო ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რისი გაკეთება იგეგმება გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით.
კითხვას, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა გამარჯვება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. 100 პროცენტით. კითხვის ნიშნები არ არსებობს,“ - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებობს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც შეთანხმება მიღწეულია. „ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, მიაღწევს თუ არა წარმატებას,“ - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ირანის უმაღლესი უშიშროების საბჭოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2-კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში გემები უსაფრთხო გადაადგილებას "ტექნიკური სირთულეების გამო" ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში შეძლებდნენ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კი, თავის მაყურებელს აცნობა ტრამპის განცხადების შესახებ, რომელიც „ანტიირანული რიტორიკიდან დამამცირებელ უკან დახევად" შეაფასა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა 8 აპრილს განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანზე დარტყმები ორი კვირით შეჩერდეს იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე.
პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა ირანი ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს ამერიკის, ისრაელის, ირანის მეზობელი არაბული ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოსთვის და შეერთებულმა შტატებმა ისრაელს განუცხადა, რომ ეს მიზანი აქვს მომავალ მოლაპარაკებებსაც.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება ლიბანზე.
Reuters-ის წყაროების ცნობით კი, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება და ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ იერიშები შეაჩერა.
ირანის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით იერიშები გაგრძელდა ისრაელსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ უახლოეს საათებში აშშ მცირე ზომის იერიშებს მოელოდა, რადგან განადგურებული საკომუნიკაციო ხაზების ფონზე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედა დანაყოფებისთვის ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების გადაცემას დრო დასჭირდებოდა.
მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით ვადის ორი კვირით გახანგრძლივება სთხოვა.
შეჰბაზ შარიფმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტით, მხარეებს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა, რათა „დიპლომატიამ ომის საბოლოო დასრულება შეძლოს,“
"გულწრფელად მოვუწოდებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ორი კვირით გაახანგრძლივოს ვადა,“ - წერდა შარიფი.
მან ირანსაც მოუწოდა, ამ ორკვირიან პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნას.
„პაკისტანი, სრული გულწრფელობით, მიმართავს ირანელ ძმებს, გახსნან ჰორმუზის სრუტე შესაბამისი ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში კეთილი ნების ნიშნად,“ - წერდა X-ზე პაკისტანის შარიფი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AFP-სთან სატელეფონო ინტერვიუს დროს ისიც თქვა, რომ მისი შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ ირანს კულისებში ჩინეთმაც მოუწოდა. აღსანშნავია, რომ შესაბამისი ინფორმაცია 3 ირანელ წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა New York Times-მა.
Associated Press-ი კი, ინფორმირებულ წყარზე დაყრდნობით წერს, რომ 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფაგლებში, ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციული გემებისგან გადასახადის აკრეფის უფლება ეძლევათ. წყაროს განცხადებით, ირანის მიერ მიღებული თანხები აშშ-ისრაელის იერიშების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
გარდა ამისა, როგორც ისრაელის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს აცნობა, ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პაკისტანში დაგეგმილი მომავალი მოლაპარაკებების დროს აშშ მტკიცედ დაიცავს პოზიციას და მოითხოვს, რომ ირანმა ქვეყნიდან სრულად გაიტანოს ყველა ბირთვული მასალა, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, "აღმოფხვრას ბალისტიკური რაკეტების საფრთხე და სხვა."
ცნობისთვის, Axios-ის ცნობით, ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა.
ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელზე ფასი 93 დოლარს შეადგენს. აშშ-ის WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 14%-ით, დაახლოებით 96 დოლარამდე შემცირდა.
გამოცემის ცნობით, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ეს ერთი დღის განმავლობაში ნავთობის ფასის ყველაზე დიდ ვარდნას წარმოადგენს, თუმცა ნავთობის ფასები კვლავ მაღალია იმასთან შედარებით, რაც კონფლიქტის დაწყებამდე, 28 თებერვალს იყო. იმ დროს, ბარელი დაახლოებით 70 აშშ დოლარი ღირდა.