რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ერდოღანმა

თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ოთხშაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მხარეებმა ირან-აშშ-ს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და რეგიონში არსებული უფრო ფართო მოვლენები განიხილეს.


თურქული სოციალური მედიის პლატფორმა NSosyal-ზე გავრცელებული განცხადებით, ორმა ლიდერმა განიხილა რეგიონში არსებული უახლესი ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება სამშაბათს ღამით გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტაზე გამახვილდა.


ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა ზავით და აღნიშნა, რომ 40-დღიანი რთული პერიოდის შემდეგ, ორკვირიანი ფანჯარა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ წინსვლისთვის.


მან ხაზი გაუსვა ამ პერიოდის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას. 


თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს მხარდაჭერას მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან, განსაკუთრებით პაკისტანთან, დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მოგვარებას.


როგორც ცნობილია, თურქეთმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, რომელიც მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, სამედიცინო მარაგებით, მათ შორის, ფარმაცევტული საშუალებებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული სატვირთო მანქანები უკვე ირანისკენ გაემგზავრნენ.