ისლამაბადში, აშშ-ისა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, ჩაეყარა თუ არა რაიმე სახის საფუძველი მოლაპარაკებების გაგრძელებას, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილ პერიოდში - ასევე რამდენად მზად იქნება თითოეული მხარე დათმობებზე წასასვლელად, რათა უზრუნველყოს შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის, ასევე, დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებში იქნება.
შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. მხარეების განცხადებით, 21-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.
„უკვე 21 საათია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ირანელებთან არაერთი არსებითი განხილვა გვქონდა - ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში შეთანხმების მიღწევის გარეშე,“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარადგინა, ირანელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს აშშ-ის შეთანხმების პირობების მიღებაზე, რომლებიც, ვენსის მტკიცებით „საკმაოდ მოქნილი“ იყო.
„ჩვენ საკმაოდ დამთმობები ვიყავით. პრეზიდენტმა გვითხრა: „თქვენ აქ კეთილი ნებით უნდა მოხვიდეთ და ყველაფერი გააკეთოთ შეთანხმების მისაღწევად“. ჩვენ ეს გავაკეთეთ და სამწუხაროდ, ვერ შევძელით რაიმე პროგრესის მიღწევა,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მუდმივ კონტაქტზე იყო.
„ცხადია, პრეზიდენტს მუდმივად ვესაუბრებოდით. არ ვიცი, რამდენჯერ ვესაუბრეთ მას, ექვსჯერ თუ 12-ჯერ ბოლო 21 საათის განმავლობაში,“ - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.
მოლაპარაკებების განმავლობაში ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს, ფინანსთა მინისტრს სკოტ ბესენტს და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს.
„ჩვენ მუდმივად ვურთიერთობდით გუნდთან, რადგან კეთილი ნებით ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს,“ - განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანმა არ აიღო ვალდებულება, რომ უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე. კერძოდ, კითხვას, რა პირობები უარყო ირანმა მოლაპარაკებების დროს, ჯეი დი ვენსმა განაცხადა: „მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება დადებითი ვალდებულება, რომ ისინი არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას და არ შეეცდებიან ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სწრაფად მიაღწიონ ბირთვულ იარაღს. კითხვა ასეთია: ვხედავთ თუ არა, რომ ირანელები იღებენ ფუნდამენტურ ვალდებულებას, არ შეიმუშაონ ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ,“ - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი, რომელიც პაკისტანის მოლაპარაკებებში თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ახლა დროა, აშშ-მ „გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა თეირანის ნდობის მოპოვება.“
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ღალიბაფი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე მან ხაზი გაუსვა, რომ ირანს ჰქონდა „კეთილი რწმენა და ნება“, მაგრამ წინა ორი ომის გამოცდილების გამო, მას „არ ჰქონდა ნდობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ.“როგორც ღალიბაფი აღნიშნავს, მოლაპარაკებები „ინტენსიური“ იყო და მადლობას უხდის პაკისტანს მათი ხელშეწყობისთვის.
ის ამბობს, რომ ირანის დელეგაციამ „წარადგინა მომავალზე ორიენტირებული ინიციატივები, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ საბოლოოდ ვერ მოიპოვა ირანის დელეგაციის ნდობა მოლაპარაკებების ამ რაუნდში.“ „ჩვენ ერთი წამითაც არ შევწყვეტთ ჩვენს ძალისხმევას ირანის ეროვნული თავდაცვის მიღწევების კონსოლიდაციისთვის.“
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ერთ სესიაზე იქნებოდა შესაძლებელი.
თეირანი „დარწმუნებულია, რომ მათსა და პაკისტანს, ასევე, რეგიონში „სხვა მეგობრებს შორის“ კონტაქტები გაგრძელდება.“
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ასევე დაესწრნენ ვენსის მთავარი მრჩევლები - ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში). ირანის დელეგაცია 71 ადამიანს მოიცავდა, მათ შორის მომლაპარაკებლებს, ექსპერტებს და მედიისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისჰაკ დარიმ განაცხადა, რომ ირანს და აშშ-ს სჭირდებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, რათა მიაღწიონ რეგიონში მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობას.
მისი თქმით, პაკისტანი მომდევნო დღეებში განაგრძობს ორი ქვეყნის ჩართულობისა და დიალოგის ხელშეწყობას.