ირანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გახსნილია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად თავისუფალი იქნება.


არაღჩის თქმით, სრუტეში გავლა ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით განხორციელდება.


„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გასასვლელი სრულად ღიად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით,“ - დაწერა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში.



„გმადლობთ!“ - წერს თავის მხრივ, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. ის ამბობს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება, ვიდრე მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება არ მიიღწევა.


ცნობისთვის,16 აპრილს, ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ზავზე შეთანხმდნენ, რაც ვაშინგტონის შუამავლობით ამ კვირაში გამართულ მოლაპარაკებებს მოჰყვა.


ეს ზომა მიზნად ისახავს იმ კონფლიქტის შეჩერებას, რომელიც ისრაელსა და ირანთან დაკავშირებულ ლიბანურ „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარეობს.


ჰეზბოლა მოიცავს გასამხედროებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას და ის სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები, თუმცა ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული ნაწილი ჰყავს შავ სიაში შეყვანილი.