აშშ სომხეთისა და თურქეთის მიერ ყარსი-გიუმრის რკინიგზის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთისა და თურქეთის მიერ ყარსი-გიუმრის რკინიგზის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი აცხადებს, რომ რეგიონული კავშირისა და მშვიდობის მშენებლობისთვის ორი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. როგორც ცნობილია, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.


„სომხეთისა და თურქეთის ოფიციალური პირები თურქეთის ქალაქ ყარსში შეხვდნენ და ყარსი-გიუმრის რკინიგზის რეკონსტრუქციის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. ეს ხაზი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რეგიონის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო და სატრანზიტო მარშრუტის ფუნქციას ასრულებდა, ვიდრე 1993 წლის ივლისში თურქეთ-სომხეთის საზღვარი ბოლო მატარებელმა გადაკვეთა,“ – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.


ბარაკის თქმით, მიღწეული პროგრესი ასახავს ინიციატივის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ხედვას და იმეორებს 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით თეთრ სახლში გამართული ისტორიული სამშვიდობო სამიტის შედეგებს.


დიპლომატმა აღნიშნა, რომ მიესალმება ანკარისა და ერევნის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია მათ ეკონომიკებსა და ხალხებს შორის კავშირების აღდგენისკენ.

ტომ ბარაკის თქმით, იქმნება ახალი სამხრეთ კავკასია — ურთიერთდაკავშირებული და მშვიდობიანი რეგიონი, რომლის განვითარებაც სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ კურსს შეესაბამება.


ყარსში შეხვედრა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში გაიმართა.

რკინიგზის მომსახურების აღსადგენად სამუშაო ჯგუფის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯად განიხილება.


ცნობისთვის, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს გიუმრი-ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება მალე ამოქმედების მნიშვნელობა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების კონტექსტში.


ამასთან, სომხეთში აშშ-ს საელჩომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეაფასა როგორც "ისტორიული პროგრესი მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასიისკენ.“