უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჩოვანეცმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აპირებს, მოსკოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან გზავნილი გადასცეს ვლადიმერ პუტინს.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ფიცომ, შესაძლოა, პუტინისგან „ღირებული ინფორმაცია“ მიიღოს ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით მისი შეხედულებების შესახებ.
„მჯერა, რომ ამ დროს აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია და ევროკავშირმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ იმყოფებოდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც მშვიდობიანი შეთანხმება იქნება მიღწეული,“ - აღნიშნა რასტისლავ ჩოვანეცმა.
მისივე თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპელმა, უკვე დაიწყო იმ იდეის პოპულარიზაცია, რომ ეს საკითხი რუსეთის ლიდერთან უნდა განიხილონ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს უკრაინის ნებართვა სურს აღლუმის ჩატარებაზე, შემდეგ კი ხალხის ხოცვა და ომი.
“უკრაინა სთავაზობდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას, ეს პირველი შეთავაზება არ არის. ამჯერად - ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან. უკრაინა მზად იყო სრული სიჩუმე უზრუნველეყო, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო წინადადებაზე საპასუხოდ მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები იყო, რუსეთის მხრიდან ახალი მუქარები. მათ უკრაინისგან თავისი აღლუმის ჩატარებაზე ნებართვა უნდათ, რათა მოედანზე უსაფრთხოდ გამოვიდნენ წელიწადში ერთი საათით, შემდეგ კვლავ გააგრძელონ ჩვენი ხალხის ხოცვა და ომი…
რუსეთის ხელმძღვანელობის უცნაური და ნამდვილად არაადეკვატური ლოგიკა. არის რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოს მიმართვებიც იმის თაობაზე, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ამ დღეებში. არ გირჩევთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.
ზელენსკი რობერტ ფიცოს 4 მაისს, ერევანში შეხვდა.
„უკრაინა ღიაა სლოვაკეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და დაინტერესებულია მტკიცე ურთიერთობების განვითარებით,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში სამთავრობათაშორისო კომისიის ფორმატში მთავრობის სხდომის ჩატარება განიხილეს.
„განვიხილეთ კიევსა და ბრატისლავაში ვიზიტების გაცვლა და შევთანხმდით, რომ გუნდები გრაფიკის მოხედვით იმუშავებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
„მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა, ქვეყანას ამ გზაზე დაეხმაროს. მადლობა ამისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.