დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა

 აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს.


„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10 და 11 მაისს) რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. გამარჯვების დღის ზეიმია რუსეთში, მაგრამ ასევე უკრაინაში, ვინაიდან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და ფაქტორი იყვნენ. ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას.

იმედია, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი, სიკვდილით სავსე და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისია,“ - წერს ტრამპი.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინის [„ზავში“] მონაწილეობა, ხოლო რუსეთის სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა წინადადებას.


„უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.


სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით, მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.


მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას,“ - წერს ზელენსკი.


მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც ის კრემლს 9 მაისს, „მოსკოვში აღლუმის გამართვის ნებას რთავს.“


"აღლუმის განმავლობაში (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით 10:00 საათიდან), წითელი მოედნის ტერიტორია გამოირიცხება უკრაინული იარაღის გამოყენების გეგმიდან," – წერს ზელენსკი განკარგულებაში.

დოკუმენტს ასევე თან ახლავს წითელი მოედნის კოორდინატებიც.