აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან მოლაპარაკებებს, რომელიც პეკინში თითქმის ორი საათი გაგრძელდა, „შესანიშნავი“ უწოდა. BBC- წერს, რომ ჩინეთმა ტრამპს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და ეს ჩინურ დიპლომატიაში არა უბრალო შექება, არამედ, რეალური წონის მანიშნებელია.
როგორც BBC წერს, ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმა უთანხმოება კვლავ რჩება.
სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.“
“თუ საკითხი სწორად იქნება წარმართული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. თუ ის სწორად არ იქნება წარმართული, შესაძლოა, ორი ქვეყანა ერთმანეთს შეეჯახოს ან კონფლიქტშიც კი შევიდეს, რაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ძალიან საშიშ მდგომარეობაში ჩააყენებს,“ - აღნიშნა სი ძინპინმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერები ირანთან ომის, ასევე, ტაივანისა და ბირთვული იარაღის საკითხებს განიხილავდნენ.
დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის ფოკუსში ასევე იყო იშვიათი მინერალების შესახებ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივება — სავაჭრო ომში მინი-ზავის შეთანხმების საკითხი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში იშვიათი მინერალების მიწოდების საშუალებას იძლევა.
განცხადებები შეხვედრამდე
ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი და შესანიშნავი ლიდერი უწოდა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. აშშ-ის ლიდერის თქმით, მიაჩნია, რომ ურთიერთობა „უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე.“
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-აშშ-ს სტაბილური ურთიერთობა კარგია მსოფლიოსთვის.
„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები აჭარბებს განსხვავებებს. ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან, სახაზინო მდივან სკოტ ბესენტთან და სავაჭრო წარმომადგენელ ჯეიმსონ გრირთან ერთად, ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც 2020 წლიდან პეკინის მიერ არის სანქცირებული. ჩინეთმა მის სახელთან/მართლწერასთან დაკავშირებული ცვლილება განახორციელა, რათა სანქციებთან დაკავშირებული პრობლემა თავიდან აერიდებინა.
სენატორობის დროს, რუბიო ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთის მთავრობის მხრიდან უიღურების დევნასა და ჰონგ კონგის დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას.
ირანი
მიუხედავად იმისა, რომ პეკინი აგრძელებდა მაღალტექნოლოგიური და განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების სწრაფ განვითარებას, ირანის ომის დაწყებიდან მალევე, ჩინეთმა წლიური ეკონომიკური ზრდის მიზანი 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შეამცირა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, ეს პეკინს მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, განსაკუთრებით, თუ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა დაბლოკილი დარჩება.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა დღეს, 14 მაისს განაცხადა, აშშ და ჩინეთი ხუთშაბათს შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა იყოს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პეკინში სახელმწიფო ვიზიტით 13 მაისს ჩავიდა. 14 მაისს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს პეკინში დაათვალიერებინა მე-15 საუკუნის ძეგლი, ცის ტაძარი. ორი ლიდერი დღეს საღამოს სახელმწიფო ბანკეტზე კვლავ შეხვდება.