ჩინეთი და ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით, ევროპასთან ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავენ — უკრაინის დაზვერვა

ჩინეთი და ყაზახეთი აჩქარებენ რუსეთის გვერდის ავლით ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას.


უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, თუ გეგმები განხორციელდება, მოსკოვმა შესაძლოა, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობიდან მიღებული ტრანზიტული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგოს.


პეკინი მომდევნო წლებში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით [შუა დერეფანი], ევროპაში ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე, ეს მარშრუტი რუსეთს უვლის გვერდს.


ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც კი მარშრუტი სრულ დატვირთვას მიაღწევს, რუსეთმა შეიძლება, მრავალმილიარდიანი ზარალი ნახოს.


„ამ დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკა უფრო რთულად ითვლება, ვიდრე რუსეთის გავლით ტრანზიტი, რადგან ის სარკინიგზო ტრანსპორტს, პორტის ინფრასტრუქტურას, ბორნების გადასასვლელებს და რამდენიმე ქვეყანას შორის რთულ საბაჟო პროცედურებს აერთიანებს, მაგრამ პეკინი და ასტანა აქტიურად ავითარებენ ამ პროექტს,“ – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ გეგმების განსახორციელებლად ყაზახეთის რკინიგზა 2030 წლისთვის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს რკინიგზის, პორტისა და ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.


„2026 წელს დაგეგმილია 900 კმ ახალი ლიანდაგის აშენება. კერძოდ, დაახლოებით 300 კმ აიაგოზ-ბახტის მონაკვეთზე, რომელიც შექმნის მესამე რკინიგზის გადასასვლელს ჩინეთთან საზღვარზე. ეს გაზრდის მარშრუტის გამტარუნარიანობას 55 მილიონიდან 100 მილიონ ტონამდე წელიწადში 2030 წლისთვის. წყლით გადაადგილების შეფერხებების აღმოსაფხვრელად ყაზახეთის რკინიგზა 100 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს ექვს ახალ სატვირთო გემში აქტაუს, კურიკისა და ბაქოს პორტებს შორის მომსახურებისთვის,“ – აცხადებს უკრაინის დაზვერვა.


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების ასოციაციის მონაცემებით, დერეფანში ტრანსპორტირების მოცულობამ 2023 წელს – 2.76 მილიონი ტონა, 2024 წელს – 4.48 მილიონი ტონა და 2025 წელს 4.12 მილიონი ტონა შეადგინა.