ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ხაზის ოფიციალური გახსნის ცერემონია საქართველოში, ახალქალაქის რკინიგზისა და ლოგისტიკის კომპლექსში გაიმართა.
ღონისძიებას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ოფიციალური პირები, ასევე, რკინიგზისა და პორტის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული სატრანსპორტო პროექტია, რომელსაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ. საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაციის შემდეგ, ხაზის წლიური ტვირთამწეობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
ექსპერტების შეფასებით, რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება გააძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას, გაზრდის ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების ნაკადებს და გააძლიერებს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ცენტრის როლს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარშრუტის სრულად ამოქმედებით, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
მისი შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კმ-ს შეადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ ლიანდაგს და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე შეფასებით, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ, რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ საერთო ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას — მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. „ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელებაა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. მისივე შეფასებით, დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა.