ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ხსნის

ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდა. ამის შესახებ ევროკომისია წერს.


„დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანების პროცესის საფუძვლებზე, რაც მოიცავს მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს,“ - წერს ევროკომისია.


ევროკომისია აღნიშნავს, რომ გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიული არჩევანია.


„ჩვენ ვხედავთ იმ მძიმე სამუშაოს, რომელიც ამ ქვეყნებმა გასწიეს და ამას წინსვლისთვის მკაფიო გზით ვაფასებთ. გაფართოება ჩვენი საუკეთესო ინვესტიციაა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მომავალში,“ - აცხადებს ევროკომისია.


ცნობისთვის, 15 ივნისს ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირი-უკრაინისა და ევროკავშირი-მოლდოვის მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელზეც ამ ორ ქვეყანასთან ოფიციალურად გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი — ევროკავშირში გაწევრიანების „ხერხემალი“.