“ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის“ - რუმინეთმა რუსი დიპლომატი გააძევა, ელჩი კი, კონსულტაციებისთვის გაიწვია

რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ასევე, ბუქარესტმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.


რუმინეთის საგარეო უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის.


რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დრონის ნამსხვრევები აჩვენეს.


„შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევები, რაც ასევე NATO-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთს ყველა ამ სერიოზულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება,“ - აცხადებს რუმინეთის საგარეო უწყება.


რუსეთის ელჩს ასევე აცნობეს, რომ რუმინეთში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა ხუთი დღის ვადაში უნდა დატოვოს.