CPC-ის შეფერხების ფონზე, ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებად BTC-სა და ბაქო-სუფსას განიხილავს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენებს, ასევე კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად განიხილავს. ამის შესახებ მედია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.


სამინისტრომ „ინტერფაქს-ყაზახეთს“ განუცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაო ექსპორტის ნაკადების გადანაწილებაზე.


„განიხილება ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სისტემის გავლით, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ტვირთების გადაზიდვა, ასევე ბაქო-სუფსას მარშრუტი“, — განაცხადა სამინისტრომ.


ალტერნატიული მარშრუტების განხილვა „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ობიექტების მუშაობის შეფერხებას მოჰყვა. კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურას უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.


„კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron-ი.
კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად, დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.


2026 წლის ივლისში ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადები გადაანაწილა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთში.