CBS-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი მოსკოვში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა.
არც ვაშინგტონმა და არც მოსკოვმა არ დაადასტურეს ჯონ რეტკლიფის ვიზიტის ხასიათი ან ის თუ, ვისთან შეხვედრას აპირებდა ამერიკელი მაღალჩინოსანი.
მონაცემები ადასტურებს, რომ სამშაბათს აშშ-დან რუსეთში ლატვიის გავლით დიდი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი გაემგზავრა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტს. ვიზიტის მიზანი საჯაროდ არ არის ცნობილი. CIA-სა და კრემლს შეხვედრის კონკრეტული დეტალები არ დაუდასტურებიათ.
FlightRadar24-ის მონაცემებით, ის რიგის აეროპორტიდან GMT-ის 05:50 საათზე გაემგზავრა და, როგორც ჩანს, რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით GMT-ის 07:04 საათზე დაეშვა.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მ უკრაინას აცნობა, რომ მოსკოვში მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრებოდა და კიევს სთხოვა, შეტევები შეეჩერებინა მათ წასვლამდე.
„ამერიკელები, როგორც წესი, ასეთ მაღალი რანგის თანამდებობის პირს მოსკოვში მოულოდნელად და მოკლე ვადაში არ აგზავნიან, თუ რამე არ მოხდა,“ - განაცხადა ჯონ ფორმანმა, რომელიც 2019-დან 2022 წლამდე მოსკოვში ბრიტანეთის სამხედრო ატაშედ მუშაობდა. ფორმანის თქმით, ვიზიტი შესაძლოა, ასევე ეხებოდეს რუსეთში ამჟამად დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას.
აღსანიშნავია, რომ რეტკლიფმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ამერიკის მოქალაქე ქსენია კარელინას გათავისუფლების მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში უკრაინის მხარდაჭერის ბრალდებით.
CIA ასევე მონაწილეობდა რუსეთთან 2024 წელს პატიმრების გაცვლის შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც გაათავისუფლეს Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ასევე ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და რუსეთ-ამერიკის მოქალაქე, ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.