ლაიენი ლაიფციგის აეროპორტში მომხდარზე: თავდასხმა რუსმა აგენტებმა განახორციელეს

პირველ სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში მონაწილეობაში.


გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში "რუსული სახლისა" და ბონში გერმანიაში არსებული რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულოს დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2026 წლის 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონი აღმოაჩინეს. გერმანელი გამომძიებლების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად აღმოაჩინეს. მოგვიანებით კიდევ ერთი დრონი და დაახლოებით 50 გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.


საპასუხოდ, სერგეი ლავროვმა გერმანიის ხელისუფლების დასკვნებს „დაშვება და „ვარაუდი“ უწოდა, რადგან, როგორც მან განაცხადა, ლაიფციგში „რაღაც ჩამოვარდნილი დრონი“ აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს, რომ ის „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული დრონების მსგავსი“ იყო.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  ქვეყანაში გერმანული გოეთეს ინსტიტუტის სამივე ფილიალი დაიხურება.  მან დაამატა, რომ ეს „კულტურული ყოფნა“ ბოლო წლებში შენარჩუნებული იყო „რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში არსებული ყველა უკრაინული პერიპეტიის მიუხედავად.“


ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს თავდასხმა რომ წარმატებით განხორციელებულიყო, უზარმაზარ ზიანს და შესაძლოა, მსხვერპლსაც გამოიწვევდა.


„ამიტომ, მინდა ძალიან ნათლად განვაცხადო, თუ რა იყო ეს. ეს იყო თავდასხმა სამხედრო დანიშნულების მასალების გამოყენებით, რომელიც რუსმა აგენტებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე განახორციელეს და ჩვენ ამას არ შევეგუებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას. და თუ მიზანი იყო, ორჯერ დავფიქრებულიყავით უკრაინის მხარდაჭერაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩემი სიმტკიცე. დაშინება არ იმუშავებს და სწორედ ამიტომ ვხვდები დღეს ნატოს გენერალურ მდივანს. ჩვენ ერთიანები ვართ. ევროპა და NATO არამხოლოდ გააგრძელებენ ზეწოლას რუსეთზე, არამედ გავზრდით მას და არ გავჩერდებით მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების, მამაკაცებისა და ქალების დაბომბვას და მკვლელობას,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ლაიფციგის თავდასხმა ევროპის ტერიტორიაზე ახალ ესკალაციას აღნიშნავს, რაც პირდაპირ რუსეთს უკავშირდება. ლაიენის თქმით, ევროკავშირმა უნდა დახუროს სანქციების გვერდის ავლის ყველა გზა, რომელსაც რუსეთი იყენებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ დღეს ირლანდიაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ სასანქციო სიებს განიხილავენ.