გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია AfD-მ გაიმარჯვა

წინასწარი შედეგებით,ერმანიის აღმოსავლეთში მდებარე საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა.


კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიამ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 9.3%.


პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა.


საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს. საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.


გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ AfD-ის გამარჯვებით.


ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა.


„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა,“ - განაცხადა მერცმა.

მისივე შეფასებით, კენჭისყრამ აჩვენა, რომ საჭიროა სიღრმისეული რეფორმები, მაგრამ მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები კვლავ ძალაშია.


„მინდა დავარწმუნო ჩვენს ქვეყანაში ყველა: ჩვენი ინსტიტუტები მდგრადი და სტაბილურია. ჩვენი ძირითადი კანონი ამ წესრიგის გარანტია. ეს გზავნილი ასევე მიმართულია ჩვენი მეგობრებისკენ ევროპასა და მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნა მერცმა.


მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

ფედერალური არჩევნები 2029 წელს არის დანიშნული.