ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრისთვის რუმინეთსა და ბულგარეთს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კონსტანცასა და ვარნაში დაგეგმილი საზღვაო უსაფრთხოების ცენტრისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა დააანონსა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას ევროპის აღმოსავლეთ ფლანგისთვის.
„ჩვენ დავაჩქარებთ მუშაობას შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრზე; განსაზღვრულია მისი დასრულების მკაფიო ვადები და გამოყოფილია 50 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება,“ — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
Euronews-ის ცნობით, უსაფრთხოების ცენტრი შესაძლოა მომავალი წლის პირველ ნახევარში ამოქმედდეს.
ცენტრს სამი ძირითადი მიზანი ექნება: კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლა და ვაჭრობის ხელშეწყობა.
ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვა გლობალური ვაჭრობისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კვანძია. მან ასევე აღნიშნა უკრაინისთვის რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობა.
დანის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელი იქნება უკრაინაში სტაბილური მშვიდობის აღდგენის ეფექტიანი პროცესის წარმართვა.
„ბოლო პერიოდში შავ ზღვაში არაერთი ინციდენტი გვქონდა — ჰიბრიდული ომის მთელი სპექტრი; ამით რუსეთი, ცხადია, ცდილობს, გაამწვავოს კონფლიქტი, რომელიც ხუთი წლის წინ უკრაინაში წამოიწყო, და მასში ევროპული ქვეყნებიც ჩაითრიოს,“ — განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.
შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.
- რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს
-
რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
-
სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
- „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“
- „შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში