აშშ-მ მოდერნიზებული გამანადგურებლები F-15EX პირველად განათავსა საზღვარგარეთ

აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებლები F-15EX იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მდებარე „კადენას“ ავიაბაზაზე ჩავიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც F-15EX ტიპის თვითმფრინავები აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარე სამხედრო ბაზაზე განათავსეს.


ვაშინგტონი გეგმავს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ოკინავაზე ჯამში 36 ასეთი გამანადგურებელი გადაიყვანოს.


მეოთხე თაობის ამ გამანადგურებლებს 13,3 ტონამდე შეიარაღებისა და სხვა სახის ტვირთის გადატანა შეუძლია. ეს მაჩვენებელი იაპონიაში ამჟამად დისლოცირებული, უფრო ძველი მოდელის F-15 თვითმფრინავების ტევადობას დაახლოებით ორჯერ აღემატება და ზოგიერთი ბომბდამშენის ტვირთამწეობას უტოლდება.