შვედეთში ეჭვობენ, რომ რუსები მილიარდერ სტორონსკის ციფრულ ბანკ „რევოლუტს“ ფულის გათეთრებისთვის იყენებენ

შვედეთის ფინანსური დანაშაულის სააგენტომ აღმოაჩინა, რომ ფულის გამთეთრებლები Revolut-ს კრიმინალური მიზნებისთვის იყენებენ. 2.9 მილიარდი შვედური კრონის (259 მილიონი ევრო) ღირებულების ტრანზაქციების ანალიზის შემდეგ, პოლიციამ დაადგინა, რომ Revolut შვედეთიდან თანხების გატანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო. ყველაზე ხშირად, თანხები ბანკის მეშვეობით, ლიეტუვასა და ირლანდიაში იგზავნებოდა.


„სავარაუდოა, რომ ნეობანკები, როგორიცაა Revolut, სისტემატურად გამოიყენება დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასატანად,“ - განუცხადა FT-ს შვედეთის ფინანსური დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა მანუელ ფერერმა.


სწრაფი ციფრული რეგისტრაცია, საერთაშორისო გადახდები და თანხების კრიპტოვალუტად კონვერტაციის შესაძლებლობა „ფულის გათეთრების გაზრდილ რისკს შეიცავს,“ - განმარტავს ფერერი.

ამასობაში, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ადგილობრივმა მაფიოზურმა ჯგუფებმა ბანკის მეშვეობით 76,5 მილიონი ევროს ღირებულების ტრანზაქციები დაამუშავეს.


მის კრიპტო განყოფილებაში ჩატარებულმა გამოძიებამ მილიონზე მეტი დამატებითი პოტენციური დარღვევა გამოავლინა. ამის შემდეგ, მილანის სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, Revolut-ის იტალიურ ფილიალში ორი გარე ადმინისტრატორი დანიშნა.


ინფორმირებული წყაროს ცნობით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულმა ორგანომ (AML/CFT) Revolut-ის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიის ხელისუფლებამ მას დარღვევების შესახებ აცნობა.


2015 წელს დაარსების დღიდან Revolut ევროპის უდიდეს ფინტექ კომპანიად გადაიქცა, 80 მილიონზე მეტი მომხმარებლით. 2030 წლისთვის ბანკი თავისი ოპერაციების 70 ქვეყანაში გაფართოებას გეგმავს.