სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სატელევიზიო მიმართვაში ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ TRIPP-ის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაო დღეს სომხეთის სიუნიქის პროვინციაში იწყება.
„ჩემთვის დიდი პატივია, გამოვაცხადო TRIPP-ის — „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ — პროექტის პრაქტიკული ეტაპის დაწყება, რომელსაც სომხეთისა და შეერთებული შტატების მთავრობები ერთობლივად ახორციელებენ; ეს ასევე რეგიონული განბლოკვის პროცესის ნაწილია.
ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა სომხეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტზე სომხეთში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ორგანიზებით გამართულმა ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტმა გარდამტეხი როლი ითამაშა სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციასა და იმ უპრეცედენტო რეალობის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ვხედავთ.
აშშ-ის პრეზიდენტის თანდასწრებითა და მონაწილეობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ შესაძლებელი გახადა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის წერტილის დასმა და გზა გაუხსნა ხანგრძლივ მშვიდობასა და სტაბილურობას.
შესაძლოა, ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი სწორედ TRIPP-ია, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში შეუფერხებელი მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირების დამყარებას — ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის სრული პატივისცემის საფუძველზე.
გარდა იმისა, რომ ეს პროექტი აზერბაიჯანს მის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან აკავშირებს და სომხეთის რესპუბლიკისთვის საერთაშორისო თუ შიდა კავშირების განვითარების კუთხით ორმხრივ სარგებელს უზრუნველყოფს, TRIPP-ს უზარმაზარი რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება; ის დამატებით იმპულსს მისცემს ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და „დასავლეთი-აღმოსავლეთის“ მიმართულებით კავშირების განვითარებას.
მან ასევე ისაუბრა TRIPP-ის პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე.
ფაშინიანის თქმით, TRIPP-ის განხორციელება ასევე უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების განმტკიცებაში, რადგან ის აამაღლებს ქვეყნის ავტორიტეტს და მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ დაინტერესებულ მხარეთა წრეს, რომლებსაც სომხეთის სტაბილურობა და უსაფრთხოება აინტერესებთ.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთს „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ პროექტის ოფიციალურად დაწყება მიულოცა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტრამპმა ფაშინიანი „გამორჩეულ ადამიანად და დიდ მეგობრად“ მოიხსენია.
აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ წელს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი „ისტორიული“ სამშვიდობო შეთანხმება შეაქო.
„მინდა, მივულოცო ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გაბედული ლიდერობისთვის — მშვიდობის გზის არჩევისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრულებლად ჩვენთან ერთად მუშაობისთვის. 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს კონფლიქტი უზარმაზარ ტანჯვას იწვევდა. ბევრი ცდილობდა მის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და გასულ წელს თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.
დღეს ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის განკუთვნილი ტრამპის მარშრუტის“ და სრულიად ახალი კომპანიის – TRIPP Development Company-ის წამოწყებით. შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ეს პარტნიორობა შექმნის ახალ სავაჭრო მარშრუტებს საქონლის, ენერგიისა და მგზავრთა გადაადგილებისთვის მთელ რეგიონში.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უზრუნველვყოთ ამ წამოწყების უდიდესი წარმატება. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და მის კოლეგას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ჩვენთან თანამშრომლობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ეს დღე, ასევე — ნობელის მშვიდობის პრემიაზე ჩემი ასეთი გულმხურვალე წარდგენისთვის. ამასთანავე, მინდა, მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თეთრ სახლში მომავალ წელს, როდესაც ის ვაშინგტონს „ეროვნული ლოცვის საუზმეზე“ დასასწრებად ეწვევა.
მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას. ის გამორჩეული ადამიანი და შესანიშნავი მეგობარია. ჩვენ შეგვიძლია, ნაყოფიერად ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ მშვიდობა რეგიონში და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. შეერთებული შტატები ისეთ აღმავლობას განიცდის, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა — ამჟამად აშშ-ში 22 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არასდროს ჰქონია მსგავსი მაჩვენებელი.
მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობის დამკვიდრებაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირსეული მიზანი არ არსებობს. ჩემთვის დიდი პატივი იყო სომხეთის ხალხთან ერთად მუშაობა, რათა ეს ყველაფერი შესაძლებელი გამხდარიყო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი და გილოცავთ, თქვენ შესანიშნავი საქმე გააკეთეთ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვისას.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებისთვის.
„ძვირფასო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება იმ თბილი სიტყვებისთვის, რომლებიც „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთან დაკაშირებით თქვენს მიმართვაში გამოთქვით,“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.