Kyiv Independent-ის ცნობით, ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ ბლოკმა, რუსეთისადმი სანქციების 22-ე პაკეტის ფარგლებში, სანქციების სიიდან ამოიღოს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
„ევროკავშირის სანქციების საფრთხეს საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უპასუხა ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციითა და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებით. ამჟამად ქარხანა ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს. სწორედ ამის საფუძველზე ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება, რომ ქვეყნებმა ყულევის ქარხანა სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოიღონ,“ - ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა გამოცემას.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 24 ნოემბერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეაფასებს ევროკომისიის ამ რეკომენდაციას: „მხოლოდ დადებითად. აი, ხედავთ, არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.“
„ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული, რაც საბოლოო ჯამში დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაუზიარა წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციათა 22-ე პაკეტისთვის. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, იგეგმება SWIFT-ის სისტემისგან რუსეთის 60-მდე ბანკის გამოთიშვა.
ცნობისთვის, 23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მე-21 პაკეტი დაამტკიცა. პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც. სანქციების ამოქმედებისთვის ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.