რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
“დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების,” - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე მტკიცებით, ხსენებული „მიდგომა პასუხობს ქართველი ხალხისა და საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობებს ინტერესებს.“
„ვთვლი, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც პასუხობს, როგორც ქართველი ერის, ასევე საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობებს ინტერესებს,” - განაცხადა ლავროვმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მინსკის შეხვედრას “არაფერი აქვს საერთო“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან ან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩანაცვლებასთან.
„არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად მინსკი, მინისტრმა უპასუხა, რომ ქართულ მხარეს მინსკის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი იყო შეხვედრის დროულად გამართვა.