საგარეო უწყება: ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ადეკვატურად ასახავს

ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ადეკვატურად ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, - ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის 2020 წლის ანგარიშს ეხება.

სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია ალიანსის მიერ 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები.

„დოკუმენტში საქართველო თავდაპირველად ნახსენებია ნატოს ღია კარის პოლიტიკის ქვეთავში. აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დამფუძნებელი პრინციპი და ალიანსის ყველაზე დიდი და ხელშესახები წარმატებაა, ბოლო წლების განმავლობაში.

გენერალური მდივნის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, სადაც ხაზგასმულია განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რომელიც დამტკიცდა 2020 წელს. ასახულია, რომ განახლებული პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, ნატოსა და საქართველოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების სწავლებასა და გაუმჯობესებული ინფორმაციის გაცვლას საზღვაო და საჰაერო სივრცეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ამასთან საგულისხმოა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოკვეთილია ანგარიშის შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის პოლიტიკის თავში, სადაც ხაზგასმულია 2020 წელს შავ ზღვაზე ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ადეკვატურად ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით“, - აცხადებენ სამინისტროში.

NATO-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს ცალკე ქვეთავი მიეძღვნა

იენს სტოლტენბერგის წლიური ანგარიში: ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ გამხდარიყო