თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, დაადასტურა, რომ თურქეთი რუსეთისგან ნაყიდ S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს უკვე ცდის და აშშ-ს პოზიცია არ აინტერესებს.
"[გამოცდებს] ჩავატარეთ და ვატარებთ. აშშ-ს პოზიცია აბსოლუტურად არ გვაშფოთებს. თუ ჩვენ არ გამოვცდით ამ შესაძლებლობებს, რაც ჩვენს ხელთაა, მაშინ რა უნდა ვქნათ..? როგორც ჩანს [აშშ-ში] ბატონები განსაკუთრებით შეწუხებულნი არიან იმით, რომ ეს იარაღი რუსეთიდანაა. ჩვენ უდრეკები ვართ, ჩვენ გზას ვაგრძელებთ, როგორც ყოველთვის". - თქვა ერდოღანმა.
აშშ-ში რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ თურქეთს სანქციები დაუწესოს რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შესყიდვის გამო. მათ მოწოდებას წინ უძღოდა ოქტომბრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთი, შესაძლოა, S-400-ების გამოცდას გეგმავს.
რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯეიმს ლენდფორკმა და დემოკრატმა, კრის ვან ჰოლენმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს და ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. მათი მოსაზრებით, S-400-ების შესყიდვის გამო, ვაშინგტონის მიერ აშკარა ქმედებების ნაკლებობამ თურქეთის მთავრობას მეტი გამბედაობა მისცა.
2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.
დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.
სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.
აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა, განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.