ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს დილიდან ამოქმედდება.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის გამო ის თავისი გუნდით ამაყობს.
„ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო," - წერს დონალდ ტრამპი.
მედიის ინფორმაციით, მანამდე დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ლონდონბერიში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს „ადვილად გამოასწორებს.“
"შეხედეთ სომხებს, შესანიშნავი ხალხია. ისინი ჯოჯოხეთურად იბრძვიან. იცით, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. ეს ასე იქნება, მე ამას მარტივს ვუწოდებდი. დაბრუნდით და უთხარით თქვენს ხალხს, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე).
შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ",- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.