ჩინეთმა იმედი გაუცრუა ქართველ ლიდერებს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მათ სუპერ ძალებს შორის ბალანსის დაცვა შეეძლოთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში იმედგაცრუება იზრდება. „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივისა“ და ჩინეთის გეგმების რეალიზაციისთვის საქართველოს გეოგრაფიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ქართულ ელიტას მომავლის დიდი იმედი ჰქონდა. სადღეისოდ კი ენთუზიაზმით განწყობილი ცოტა ადამიანი დარჩა.
ურთიერთობა იმედისმომცემად გამოიყურებოდა. კერძოდ, 2017 წელს ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმებას, ამ ნაბიჯით საქართველოს ლიდერები იმედოვნებენ, რომ ხელშეკრულება ხელს შეუწყობდა ექსპორტს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩინეთის ინვესტიციები გაიზრდებოდა საქართველოს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, შავი ზღვის პორტებში, ფოთში, ბათუმში, ანაკლიაში, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკინიგზო და საგზაო კავშირებში. ამ მიზნით თბილისში რამდენიმე მასშტაბური საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა.
ჩინეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ასევე განიხილებოდა, როგორც საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რუსეთის რეგიონული გავლენის დაბალანსების ხელშემწყობი და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ ჩადებული ინვესტიცია.
აღსანიშნავია, რომ იმედები ვაჭრობის გაუმჯობესების თაობაზე არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი მოცულობის სტაბილური ზრდა შეინიშნებოდა, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ძირითადად ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, როგორიცაა სპილენძი და სხვადასხვა სახეობის ქიმიკატები. უფრო მაღალი ღირებულების სასაქონლო ვაჭრობა არ განხორციელებულა. პარალელურად გაიზარდა შეშფოთება კორუფციული საქმიანობის გამო, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლეს ჩინურმა კომპანიებმა ხელშეკრულებების მოპოვება. აღნიშნულის ერთ–ერთი საილუსტრაციო შემთხვევა ეხება Powerchina– ს შვილობილ კომპანია Sinohydro– ს, რომელმაც ხულო – ზარზმის გზის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება 26,3 მილიონი ევროს შეადგენდა. Sinohydro– ს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ცნობილია კორუფციით, გარემოსთვის ზიანის მიყენებით და მაინც, ეს კომპანია იგებს ახალ ტენდერებს.
გარდა ამისა, თბილისში პოლიტიკოსებისთვის აშკარა გახდა, რომ ჩინეთი რუსეთთან მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობების დაზიანებას არ შეეცდება. მაგალითად, ჩინეთი საერთოდ ვერ ეხმარება საქართველოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დიპლომატიურ საკითხებში. მან არაერთხელ მისცა ხმა გაეროს რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" წინააღმდეგ. პეკინს არც ერთხელ არ დაუგმია დე-ფაქტო საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა. ამასთან, ჩინეთი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე დუმილს ინარჩუნებს. იგი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსულ "ბორდერიზაციის" პოლიტიკაზეც დუმილს ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედროებთან ერთად" მონაწილეობას მიიღებდა რუსეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში "კავკაზ -2020".
გარდა ამისა, ჩინეთი დაეხმარა კრემლს ქვეყანაში დეზინფორმაციის დათესვაში. მაგალითად, 2 სექტემბერს ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ China Daily ეჭვქვეშ დააყენა თბილისის ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელიც აშშ–ის მიერ არის დაფინანსებული და განაცხადა, ეს ლაბორატორია საქართველოსთვის სავარაუდოდ, ბიოლოგიურ რისკს წარმოადგენდა და რომ საქართველოს მოქალაქეებს იქ სავარაუდოდ, საცდელ სუბიექტებად იყენებდნენ.
ყველაფერი ზემოთხსენებული წინააღმდეგობაში მოდის დასავლელი პარტნიორების საქართველოს მიმართგანწყობებთან, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ისევე, როგორც მის ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩინეთთან მზარდი იმედგაცრუების ფონზე საქართველოს ლიდერები განაგრძობენ ჩინეთსა და დასავლეთთან კავშირების შენარჩუნებას. მაგრამ რაც უფრო მკაცრდება ამერიკის პოზიცია ჩინეთთან მიმართებაში, ამ ბალანსის დაცვა უფრო და უფრო რთული იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილი მთელი რიგი საჯარო წერილების თანახმად, აშშ-ის კონგრესმენებმა და სენატორებმა აშკარად აღნიშნეს, რომ საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ჩინეთთან ღრმა კავშირები და მჭიდროდ გაეცნოს დასავლეთის სტანდარტებს და სავაჭრო პრაქტიკას.
დაბალანსების ქმედება უბრალოდ არამდგრადია. საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, მისი გეოპოლიტიკური ორიენტაციის ქვაკუთხედი, შეუსაბამო და გამაღიზიანებელია ჩინეთისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალიანსი აძლიერებს ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ჩინეთის მზარდი სამხედრო ამბიციები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. საბოლოოდ საქართველო იძულებული გახდება მხარეებს შორის არჩევანი გააკეთოს.
დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ველით, რომ საქართველო უფრო მტკიცედ დაუჭერს მხარს დასავლეთს, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ უფრო მეტად ეკონომიკურად, დასავლური 5G ტექნოლოგიების, ასევე სავაჭრო და ინვესტიციის სტანდარტების გათვალისწინებით.
ემილ ავდალიანი
სტატიას „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი“ აქვეყნებს