ბლოკჩეინის დანერგვა და ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები ეკონომიკას სრულად გახსნიდა - ლევან ბოძაშვილი

"ქაღალდის Сovid სერტიფიკატების ნაცვლად, ბლოკჩეინის დანერგვის მეშვეობით, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები რომ შემოეღოთ, ქვეყნის ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებდნენ" ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარმა, ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ყველა აცრილ ადამიანს, ვაქცინაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა მიეცემა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს.

როგორც ბოძაშვილი აღნიშნავს, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატების შექმნას რაიმე ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. შესაბამისი სპეციალისტები იმ 42 კლინიკაში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, სრულიად უფასოდ, მხოლოდ ერთ დღეში დააყენებენ სპეციალურ პროგრამას, თუ სახელმწიფოს მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება. ასეთი კი, მისი თქმით, არ არსებობს.

Europetime-თან საუბარში ბოძაშვილი აცხადებს რომ ამ თემაზე ტელეფონით ესაუბრა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, თუმცა მას დაინტერესება არ გამოუხატავს. მისივე თქმით, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ვაქცინაციისთვის ბლოკჩეინის პროგრამა უკვე დანერგეს.

ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, თუ შეიქმნება ელექტრონული სერტიფიკატები, კოვიდვაქცინით აუცრელი ადამიანების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გადაადგილების კონტროლი გამარტივდება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ვაქცინირებულ მოსახლეობას შეზღუდვები მოუხსნას.

„ბლოკჩეინის დანერგვით, სახელმწიფო მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დააჩქარებდა. გარკვეული მიზეზებით, ვაქცინას ბევრი ადამიანი არ იკეთებს. ელექტრონული სერტიფიკატების დაწესებით კი ძალდატანების გარეშე, ვაქცინირება წახალისდებოდა.

ამისთვის ხელისუფლებამ უნდა დააწესოს მარტივი მოთხოვნა - ადამიანებს უნდა შეეზღუდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ბარებში, კლუბებში და ა.შ. სადაც გადადების რისკი ძალიან მაღალია. თუ აცრილ ადამიანს ტელეფონში ელექტრონული სერთიფიკატი ექნება, ბარში, კლუბში, რესტორანში ან სხვა ხალხმრავალ დაწესებულებაში შესვლისას, ტელეფონით წარადგენს ვაქცინაციის ციფრულ პასპორტს. კონტროლის გამარტივება თავისუფლად გადაადგილების მეტ შესაძლობას იძლევა, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი.

მისივე თქმით, ბლოკჩეინით მონაცემები მაქსიმალურად დაცული ხდება. ამასთან ვაქცინაციის ელექტრონული სერტიფიკატების შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა არ სჭირდება.

„ სულ 42 კლინიკაა, სადაც ვაქცინას აკეთებენ. შესაბამისი კომპანია ყველა კლინიკას სპეციალურ პროგრამას ერთ დღეში დაუყენებს უფასოდ. ამის პრობლემა არ არსებობს, გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა.

ვაქცინაციის პროცესში ბლოკჩეინის და ვაქცინირების ელექტრონული სერთიფიკატის გამოყენება საქართველოს შესაძლებლობას მისცემდა, მარტივად აკონტროლოს აუცრელი ადამიანების ხალხმრავალი სივრცეებისგან იზოლირება. ძალიან მარტივად, ყოველგვარი ფურცლების ტარების გარეშე, ფურცლის სახით სერტიფიკატს სჭირდება ნოტარიზაცია. დადასტურება-თარგმნა დამატებითი ხარჯებია. ბლოკჩეინი ამას აკეთებს ერთ ევროდ. თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ნება არსებობს. გერმანიამ, დანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ეს უკვე გააკეთეს“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი.

ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, ბლოკჩეინი ტექნოლოგიურად იდეალური შესაძლებლობაა სამედიცინო ელექტრონული ბარათების შესაქმნელად.

„რა თქმა უნდა, ის თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობასთან. ბლოკჩეინი ამის საშუალებას იძლევა. როდესაც ადამიანს სურს აცრის გასაკეთებლად მივიდეს, მან არ იცის ბევრი არაფერი ამის შესახებ და როდესაც ექიმთან მიდის, მერე იწყებს იმის გახსენებას, რა აწუხებდა, რა დიაგნოზი ჰქონდა, რა მედიკამენტებს იღებდა. ეს არ ეხება მხოლოდ კოვიდვაქცინას, ყველა ტიპის აცრაზე ასე ხდება“, - განუცხადა Europetime-ს ლევან ბოძაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, ასევე ისრაელში, ვაქცინაცია მხოლოდ, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათების ანალიზის შემდეგ ხდება. ელექტრონულ სამედიცინო ბარათზე კი მისი ყველა სახის ექიმთან ვიზიტის ჩანაწერია და რეცეპტით გამოწერილი ყველა მედიკამენტის შესახებ ცნობა. აღნიშნული ინფორმაცია წლების განმავლობაში გროვდება, რაც ექიმს სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას აძლევს, რამდენად უსაფრთხოა იმ კონკრეტული პაციენტის აცრა. ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს ზეპირად გახსენება აღარ უწევს, რა მედიკამენტებს იღებდა, რა დაავადება ჰქონდა, რაზეა ალერგიული და ა.შ. მისი ჯანმრთელობის მთელი ისტორია ბარათზეა ასახული.